დაზიანებული მანქანების გამო, "ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში" პოლიცია მოვალეობებს ჯეროვნად ვერ ასრულებს | თელია 10 000 ლარს ითხოვს

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვალერი თელიას განცხადებით, " ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა" პოლიციას მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა, რის გამოც მათზე დაკისრებულ მოვალეობებს "ჯეროვნად ვეღარ ასრულებენ." ამის შესახებ ინფორმაციასა და განცხადებას, რომელსაც თელია შსს-ს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორს წერს, Qartli.ge ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გამყოფი ხაზის მიმდებარედ დამატებითი ეკიპაჟების განთავსება გახდა საჭირო. მანქანები სხვადასხვა სოფლების განყოფილებებიდან გაგზავნეს, თუმცა მათი ჩანაცვლება ვერ მოხერხდა, რადგან ავტოპარკი მოძველებულია და მანქანები დაზიანებული. თელიას თქმით, შესაკეთებელია ავტომანქანები, რომელიც პოლიციის დანაყოფების გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს. ამიტომ, ის დაზიანებული ავტომანქანების შესაკეთებლად 10 000 ლარს ითხოვს.

"ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განვითარებულ ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, საჭირო გახდა დამატებითი ავტოტრანსპორტის ჩართვა მორიგეობებში, ვერ ხერხდება დაზიანებული ავტომანქანების შეკეთება, რის გამოც პოლიციის სამსახურები ჯეროვნად ვეღარ ასრულებენ მათზედ დაკისრებულ მოვალეობებს," - ნათქვამია თელიას განცხადებაში.

 "ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში", სავარაუდოდ, იგულისხმება კირბალში რუსების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტი, რის შემდეგაც სოფელში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი