"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, პარტიაში აუცილებელია ცვლილებები, რადგან ენმ-ში კრიზისი და ჩიხური მდგომარეობაა.
"ეს ის ცნობილი ოფისია, რომელიც სამწუხაროდ მაისის თვეში დაგვიკეტეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ ჩვენ განსხვავებულად ვფიქრობდით. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაგვიკეტეს, რომ ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციაზე ნიკა მელიასთან ერთად მივედით, მეორე დილით ოფისი დაიკეტა. თუმცა, ოფისს ვინ ჩივის, ჩემს გვერდით დგანან ადამიანები, ეს ზღვაში წვეთია კიდევ იმ ადამიანებისა, რომლებიც, სამწუხაროდ, ახალმა მენეჯმენტმა გარიყა პარტიული სივრციდან, ყველა პოზიციებს ჩამოაცილა. [...] ჩემო მეგობარო ლევან, ამ სკამს ნუ ჩაეჭიდები, არ გიღირს იმად, რომ პარტიის მრავალწლიან ისტორიაში ყველაზე შავი ასოებით შევიდეს შენი მმართველობა, შენი თავმჯდომარეობა, ისევე როგორც დღევანდელი წარმოდგენილი მენეჯმენტის, ამიტომ მოგიწოდებთ ლევან, რომ გადადგე დაკავებული თანამდებობიდან", - თქვა ენმ-ის წევრმა, ბესო გაზდელიანმა.
გარდა ამისა, განცხადების ავტორები ითხოვენ გაუქმდეს არსებული პოლიტიკური საბჭო, რადგან ის არალეგიტიმურადაა არჩეული, შეიქმნას თანხმობის საბჭო და უახლოეს პერიოდში ჩატარდეს ყრილობა.