უკრაინის პრეზიდენტი ოდესის რეგიონში ჩავიდა, სადაც საზღვაო ძალების სარდლობას შეხვდა და მათი მოხსენებები მოისმინა ფრონტზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. შეხვედრის დროს განიხილეს შავ ზღვაში არსებული ვითარება, ასევე „მარცვლეულის დერეფნის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
"დღეს მე ვესაუბრე ჯარისკაცებს, რომლებიც იცავენ უკრაინის სამხრეთს, გადავეცი მათ სახელმწიფო ჯილდოები. გმადლობთ სამსახურისთვის, მტრის ჩამოგდებული სამიზნეებისთვის, თქვენი გამბედაობისა და თავდადებისთვის ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად", - განაცხადა პრეზიდენტმა.
უკრაინელმა სამხედროებმა სახელმწიფოს მეთაურს ჩამოგდებული რუსული ფრთოსანი რაკეტის ელემენტებისგან დამზადებული კედლის საათი აჩუქეს.
პრეზიდენტთან ერთად, ოდესაში იმყოფებოდა უკრაინის თავდაცვის მინისტრიც.
ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარების რეგიონულ ცენტრსაც ეწვია. გაეცნო ხარკოვის, ხერსონის, დონეცკის, ლუგანსკის და დნიპროპეტროვსკის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეების მდგომარეობას, ასევე მოინახულა ღაზის სექტორიდან ევაკუირებული უკრაინელები.
ოდესის სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარების რაიონულ ცენტრში ამჟამად 69 ადამიანია, მათგან 17 ბავშვია.