"რისთვისაც შევუერთდი ამ პარტიას, იმ პლატფორმით ვაგრძელებ ბრძოლას", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ეძგვერაძე საუბრობს. ჟურნალისტის კითხვაზე, დათანხმდა თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრობას და მიიღო თუ არა ამის შეთავაზება ლევან ხაბეიშვილის გუნდის მხრიდან, ეძგვერაძე ამბობს, რომ მას "მცდარი ინფორმაცია აქვს" და ამ ეტაპზე პოლიტსაბჭოში არ შედის.
- [ჟურნალისტი] რა ნიშნით იხელმძღვანელეთ, როდესაც შეუერთდით მენეჯმენტს?
- [ეძგვერაძე] რა ნიშნითაც ვიხელმძღვანელე 2020 წელს, როცა არჩევნებში ჩავერთე.
- [ჟურნალისტი] და რა იყო ეს ნიშანი?
- [ეძგვერაძე] ეს ნიშანი იყო 20 ივნისი.
- [ჟურნალისტი] მელიასთან წყალგამყოფი რა იყო?
- [ეძგვერაძე] მელიასთან არაფერი არ იყო. მე რისთვისაც შევუერთდი ამ პარტიას და ყველაზე დიდი პარტიაა ოპოზიციური, იმ პლატფორმით ვაგრძელებ ბრძოლას.
- [ჟურნალისტი] რატომ შეიცვალეთ პოზიცია?
- [ეძგვერაძე] მცდარი ინფორმაციაა, არასოდეს არ შემიცვლია მე პოზიცია. მე ნიკა მელიას მხარეს ვიყავი არჩევნების დროს და შემდეგ არასოდეს, ერთ განცხადებასაც ვერ ნახავთ, შიდაპარტიულ დაპირისპირებაში მე ჩავრეულიყავი.
- [ჟურნალისტი] ანუ არასდროს უპირისპირდებოდით ლევან ხაბეიშვილს?
- [ეძგვერაძე] არჩევნების შემდეგ მე არასოდეს არსად პოზიციონირება არ გამიკეთებია შიდაპარტიულ ამბებზე.
- [ჟურნალისტი] ნიკა მელიას ოფისიდან რატომ აკეთებდით განცხადებებს, ბრიფინგებისთვის იმ სივრცეს რატომ ირჩევდით?
- [ეძგვერაძე] რა მნიშვნელობა აქვს ეხლა მე ბრიფინგს საიდან გავაკეთებდი.
ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ენმ-ის პოლიტსაბჭოს 20 წევრი დაემატა, მათ რიცხვში კი ირაკლი ეძგვერაძე არ არის.
შეგახსენებთ, რომ ენმ-ის თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს და მის მეგობრებს, კახა ალადაშვილს, ჯაბა ზარასპაშვილსა და დავით დანელიას გლდანში, "ოცნებასთან" დაახლოებული პირები 22 სექტემბერს, ეძგვერაძის კერძო საკუთრებაში დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებულებს შორის არიან ელგუჯა შუკაკიძე და ტატო ხუნდაძე.