ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი, სკოპიე ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press ავრცელებს.
როგორც ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა, ქვეყნის დატოვებამდე იგი ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბუიარ ოსმანს შეხვდა. ამასთან ერთად, აშშ-ის მდივანმა მონაწილეობა მიიღო მინისტერიალის წინ გამართულ სამუშაო ვახშამზეც, ამის შემდეგ კი სკოპიე დატოვა.
"პროდუქტიული საუბრები ჩემს კოლეგებთან სკოპიეში ეუთოს მინისტერიალზე დღეს. მიუხედავად რუსეთის ობსტრუქციონიზმისა, ჩვენ ვრჩებით ეუთოსა, მისი დამფუძნებელი პრინციპებისა და მიღწეული შედეგების ერთგულნი", - წერს ბლინკენი X-ზე
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში ეუთოს უსაფრთხოების მინისტერიალი მიმდინარეობს. ღონისძიებაში მონაწილეობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც იღებს. ლავროვის ვიზიტს ქვეყანაში ბოიკოტი გამოუცხადეს დიპლომატების ნაწილმა, მათ შორის არიან უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.