საქართველომ აჩვენოს მკაფიო ერთგულება EU-ს ფასეულობების მიმართ | რა წერია ევროპული საბჭოს განსახილველ პროექტში

გამოქვეყნდა:

რა წერია საქართველოს შესახებ ევროპული საბჭოს მიერ განსახილველ პროექტში, რომლის საფუძველზეც 14-15 დეკემბერს ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებმა გაფართოების შესახებ  გადაწყვეტილება უნდა მიიღონ - როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, მასში ყურადღება გამახვილებულია ისეთ პრიორიტეტებზე, როგორებიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობა, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა, დეოლიგარქიზაცია, ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობა.

"რადიო თავისუფლება" აღნიშნავს, რომ პროექტი 8 ნოემბერს გაცემული რეკომენდაციების საფუძველზეა შედგენილი და მასში გადაწყვეტილების ნაწილი ჯერ ღიაა. თუმცა, საკმაოდ ფართო მსჯელობაა ჩვენ ქვეყანაზე. 

დოკუმენტის თანახმად, საბჭო მხედველობაში იღებს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სწრაფვას ევროკავშირის წევრობისკენ. საქართველოს შემთხვევაში საბჭო განსაკუთრებით გამოყოფს და მიესალმება:

  • მთლიანობაში კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს;
  • ინსტიტუციურ მოწყობას;
  • აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, სამეთვალყურეო ორგანიზაციების ჩათვლით.

საბჭო საქართველოს მოუწოდებს "აჩვენოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობების მიმართ, გააგრძელოს დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები და შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, გააზრებულად და შეუქცევადად იმისთვის, რომ წინ წაიწიოს ევროკავშირში სამომავლო წევრობისკენ."

"საბჭო შეახსენებს საქართველოს აღებულ ვალდებულებას, რომ სამოქალაქო საზოგადოებას "გარანტირებულად ექნება თავისუფლად მუშაობისა და აქტიური, ინკლუზიური და გააზრებული ჩართულობის შესაძლებლობა პოლიტიკის შემუშავების პროცესში." 

საბჭო მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში - აჩვენოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი, გადალახოს პოლარიზაცია და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა და შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები და რეფორმების დღის წესრიგი...

პროექტის თანახმად, ევროპული საბჭო ხაზს უსვამს "დეზინფორმაციასთან, უცხო ქვეყნების საინფორმაციო მანიპულაციასთან და ევროკავშირის, მისი ფასეულობების წინააღმდეგ ჩარევასთან" ბრძოლის მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს "გადადგას გააზრებული ნაბიჯები" ამ მიმართულებით.

საბჭო ხაზს უსვამს "ძლიერ მოლოდინს", რომ საქართველო "არსებითად გაზრდის თავსებადობას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან" და "შემზღუდველ ზომებთან, მათ შორის - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებთან შესაბამისად.

[საბჭო] მოუწოდებს საქართველოს პრიორიტეტულად შეცვალოს ნეგატიური ტენდენცია და განაგრძოს სვლა სრული თავსებადობისკენ. ეს იქნება ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის ნათელი ნიშანი ევროკავშირის წევრობისთვის...

უნდა გაძლიერდეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის და განსაკუთრებით - სასამართლო, საპროკურორო და მონეტარული ინსტიტუტების სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა და უზრუნველყოფილ იქნას ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.

საბჭო ხაზს უსვამს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეების გამოძიების შედეგების განვითარების მნიშვნელობას და დეოლიგარქიზაციის ზომების მიღებას, სისტემური მიდგომით...

საბჭო მოუწოდებს საქართველოს, "უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი 2024 წელს და სრულად შეასრულოს OSCE/ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, წინა არჩევნებიდან..."

საბჭო კვლავ აცხადებს, რომ საქართველომ სრულად უნდა სცეს პატივი ფუნდამენტურ უფლებებს:

  • მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის ჩათვლით;
  • აზრის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას;
  • დაიცვას LGBTI პირები დაშინებისგან და ასევე ძალადობისა და დისკრიმინაციისგან," - წერს "რადიო თავისუფლებაა."
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი