დღეს გაიხსნება ორდღიანი რეგიონული კონფერენცია - "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის". შეხვედრას საქართველოს, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის სახალხო დამცველები ესწრებიან. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე.
ომბუდსმენა არ უპასუხა კითხვას - "კლანი და კორუფცია არის თუ არა მთავარი გამოწვევა სასამართლო სისტემის".
"მთავარ გამოწვევებთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ანგარიშების კუთხით და ამ ანგარიშებში საუბარია იმ რეფორმების აუცილებლობაზე რაც მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულების მიხედვით უნდა გადაიდგას. რაც თავის მხრივ ძალიან ბევრ ინსტიტუციურ საკითხს მოაგვარებს, მათ შორის, იმ საკითხებს რაზეც თქვენ დასვით კითხვა. [კლანი და კორუფცია არის თუ არა მთავარი გამოწვევა?] გაგეცით პასუხი.
სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით არის სწორედ, რომ ჩვენ ვმონაწილეობთ სამუშაო ჯგუფებში, ჩვენ წარვადგენთ ჩვენ მოსაზრებებს და ვცდილობთ იმ საკითხების ადვოკატირებას, რომლებიც კიდევ უფრო გამჭვირვალეს, დემოკრატიულს და საერთაშორისო სტანდარტთან მიახლოებულს გახდის ქართულ მართლმსაჯულებას", - თქვა იოსელიანმა.
ჟურნალისტმა მას კითხვა კიდევ ერთხელ გაუმეორა, თუმცა იოსელიანმა თქვა, რომ შეკითხვას პასუხი უკვე გასცა.