"იმოქმედე კანდიდატის სტატუსისთვის!" - ხელოვანები ევროპული კურსის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. ღონისძიება სახელწოდებით "კულტურის ხმა - დისკუსია საქართველოს ევროპულ მომავალზე," ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
მწერლებს, მხატვრებს, მუსიკოსებსა და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, შეხვდა.
" [კანდიდატის სტატუსი] ეს არის ერთადერთი რეალური გარანტი იმისა, რომ საქართველო იყოს მშვიდად. საქართველო იყოს დაცული. საქართველო იყოს თავის ტერიტორიებში. საქართველომ გააგრძელოს ჰარმონიული განვითარება. ევროპა არის ისეთი ქვეყნების გაერთიანება, რომლებიც არის ძალიან ღირსეული...ეს ჩვენ ძალიან გაგვაძლიერებს," - ამბობს მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი.
ნინო ლომჯარიას თქმით, დღევანდელი დისკუსია კულტურის წარმომადგენლების მხრიდან მოემსახურება იმას, რომ სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრონ რას ნიშნავს კულტურა ევროპაში, ხელოვანისთვის რას ნიშნავს ევროპა და რა გვინდა, რომ ევროინტეგრაციამ ამ სექტორისთვის მოიტანოს.