ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადადის. რეგიონული საკრებულოების მოთხოვნას თბილისის საკრებულოს წევრებიც უერთდებიან. საგანგებო განცხადება ფრაქციის 6-მა წევრმა დღეს გაავრცელა, რომელშიც მთავარი მოთხოვნა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება და დროებითი ორგანოს შექმნაა, რომელიც ლევან ხაბეიშვილისა და პოლიტსაბჭოს უფლებამოსილებებს გადაიბარებს. სხვა შემთხვევაში ფრაქციის წევრების თქმით, გახლეჩილ პარტიაში ერთიანობის აღდგენა შეუძლებელი იქნება.
ვიდრე მელიას თანაგუნდელები კრიზისის განსამუხტად სხვადასხვა შეთავაზებით გამოდიან, ნაციონალურ მოძრაობაში შიდაპარტიული წმენდა გრძელდება. ნიკა მელიას გარიცხვის შემდეგ მოქმედმა მენეჯმენტმა თანამდებობიდან ფოთის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია გაათავისუფლა, რომელიც ლევან ხაბეიშვილს მის გუნდს ღიად აკრიტიკებდა. ცხვიტარიასთან ერთად პოსტს დაემშვიდობა მისის მოადგილე პაატა ჩაგანავა. ნაციონალური მოძრაობის მენეჯმენტი ამ ფაქტზე ჯერ-ჯერობით დუმს , პარტიის გათავისუფლებული წევრები კი ხელმძღვანელობას რეპრესიებში ადანაშაულებენ.
"ფრაქციაში ორი წელია ეს ქალბატონი არის თავმჯდომარე და ერთი დღითაც ვერ მოიცალა ფრაქციის მუშაობისათვის. ძირითადი მიზეზი იყო ეს. თქვენთვის ყველასთვის ცნობილა მისი არაეთიკური გამონათქვამები ჩვენს მიმართ, თუმცა ხმა არ ამოუღია არავის. პირიქით, ყოველთვის ვითვალისწინებდით ამ ქალბატონს და ორი წელია ვერ მოიცალა ფოთში ფრაქციაში მუშაობისთვის. არანაირი ზეწოლა, ან არანაირი დირექტივა ჩვენთან არ ყოფილა" - ამბობს დავით ხომერიკი, ფოთის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან ცხვიტარიას გარიცხვასთან დაკავშირებით.
პარალელურად რეგიონების შემდეგ დღეს პარტიაში ძირეული ცვლილებების განხორციელება უკვე თბილისის საკრებულოს წევრებმაც მოითხოვეს.