ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა შეჩერებულია. ეკონომიკის ექსპერტების განცხადებით, აქამდე მომატებული მაჩვენებელი დროებითი იყო და ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების შემოდინების ზრდას უკავშირდებოდა, რეალურად კი ქვეყნის ეკონომიკა არ უმჯობესდება.
ეკონომიკის შემცირებულ მაჩვენებელს ადასტურებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც და წერს, რომ 2023 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.1% შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით ორჯერ ნაკლებია.
აღნიშნული მონაცემები ეკონომისტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ისინი უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების პირველივე თვეებიდან ამბობდნენ, რომ ბუმი, რომელიც 2022 წელს გვქონდა, დროებითი იყო და ამას ძირითადად, დიდი რაოდენობით რუსი და ბელარუსი მიგრანტების საქართველოში შემოსვლა იწვევდა.
სპეციალისტების თქმით, ეკონომიკური ზრდის სანაცვლოდ "ოცნების" ხელისუფლება ძალიან დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, რადგან, მათი თქმით, საქართველო ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსეთის ბაზარზე ეკონომიკურად ორმაგად დამოკიდებული გახდა.