მართავს თუ არა ფარულ მოლაპარაკებებს ოფიციალური თბილისი რუსეთიდან ახალი სატრანსპორტო მაგისტრალის მშენებლობაზე? რუსული მედიის ინფორმაციით, ქართულ-რუსული მხარეები ალტერნატიული სახმელეთო დერეფნის მშენებლობაზე აქტიურად მსჯელობენ.
ირკვევა, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზის მშენებლობაზე საუბარი რამდენიმე დღის წინ ინგუშეთში ქართულ-რუსული ბიზნეს-საბჭოს სხდომის ფორმატში შედგა. ქართულ მხარეს ამ აუდიენციაზე რუსეთში ქართული დიასოპრის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე წარმოადგენდა, რომელიც მსგავს ფორუმებში ხშირად მონაწილეობს და რუსული ინიციატივების აქტიური მხარდამჭერია.
"მთავარი არხი" ცეცხლაძესთან კავშირზე ვერ გავიდა, თუმცა შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა მან თავად ატვირთა სოციალურ ქსელში.