"არ არის საჭირო კაკუნი კომპიუტერზე...მაგ სიმართლით იარეთ" | დაპირისპირება სპორტის კომიტეტის სხდომაზე

გამოქვეყნდა:

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ჭიდაობის ფედერაციასთან დაკავშირებით, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბარს კამათი მოჰყვა. საუბარია ლუკა კურტანიძის განცხადებაზე, სადაც ის წერდა, რომ ფედერაციის  პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ის სხდომას არ დაასწრო და გააგდო.

საკითხს დღეს სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი გამოეხმაურა და უკმაყოფილება გამოთქვა იმ საჯარო მსჯელობაზე, რომელიც კურტანიძის განცხადებას მოჰყვა. როგორც მეძმარიაშვილმა თქვა, ასეთ საკითხებს "დიდი სპორტული ოჯახი" თავად გადაწყვეტს და სოციალურ ქსელებში "კაკუნი" არაა საჭირო: 

"ერთი ამბავია ატეხილი ამ ფედერაციასთან დაკავშირებით და მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვინც ჩაბმულია ამ არასასიამოვნო სიტუაციაში, რომ ჩვენ ვართ დიდი სპორტული ოჯახი, სადაც ბევრი სახეობები შედის და თუ რაიმე სირთულე წარმოიშვება, მე ვთვლი, რომ სოციალური ქსელებით ამ საკითხების გარჩევა არ მიმაჩნია სწორად და მგონია, რომ სირცხვილია. მითუმეტეს არ არის პრობლემა - გეგა გეგეშიძე აღმასკომის წევრიც არის და ფედერაციის პრეზიდენტია, დაუძახეთ და კითხეთ, არ არის საჭირო სოციალურ ქსელში ამ ამბების წერა და კაკუნი კომპიუტერის კლავიშებზე" თქვა მეძმარიაშვილმა.

მან კურტანიძეზეც ისაუბრა: 

"ჩემდა სამწუხაროდ, იმდენი რამ ვიცი ამ საკითხებთან დაკავშირებით, მითუმეტეს იმ ავტორთან დაკავშირებით, რომელმაც დაიწყო ეს ყველაფერი, იმდენი რამე ვიცი, რაც თუნდაც ჩემი მინისტრობის დროს იყო, ხანდახან არც მინდა რომ ვიცოდე და გავიხსენო... ტყუილებით ნუ კვებავთ ხალხს, დაანებეთ სოციალურ ქსელებში წერას თავი" აღნიშნა მეძმარიაშვილმა და კომიტეტის სხდომა დახურულად გამოაცხადა, რასაც შოთა ხაბარელის პროტესტი და გაღიზიანება მოჰყვა.

ხაბარელმა მეძმარიაშვილი სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვაში დაადანაშაულა. ის თვლიდა, რომ არ იყოს საჭირო დღეს ამ თემის კიდევ გააქტიურება, იმ ფონზე, რომ ოლიმპიურმა კომიტეტმა კორექტული განცხადება გაავრცელა და როგორც ხაბარელი თვლის, ვითარება დამშვიდებული იყო. ხაბარელმა მეძმარიაშვილს "კორექტულად საუბრისკენ" მოუწოდა - "თქვენ ახლა პირიქით, ძაბავთ სიტუაციას თქვენი გამოსვლით" მიმართა მან კომიტეტის თავმჯდომარეს რაზეც ხაბარელმა უპასუხა - "მაგ სიმართლით იარეთ".

"რას იწყევლები, კაცი ხარ თუ ადამიანი?...გამოგაქვთ საკითხი დასაძაბად, იმიტომ რომ დაპირისპირებული ხარ ადამიანთან, რომელთანაც არაკორექტულად მოიქეცი თავიდან... დამშვიდებულია სიტუაცია, პასუხი გასცა ფედერაციამ, წამოწიეთ სიტუაცია და ისევ დაძაბოთ გინდათ ... თქვენ თვითონ იყავით კორექტული, იწყევლებით ქალივით" უპასუხა ხაბარელმა მეძმარიაშვილს.

კომიტეტის დღევანდელ სხდომას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძეც ესწრებოდა.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი