19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმე | ბრალდებულის შეყვარებულმა სასამართლოს ჩვენება მისცა

გამოქვეყნდა:

19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სასამართლოზე ჩვენება მისცა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც აქამდე არ ჩანდა, თუმცა მკვლელობის ღამეს იმ სახლში და იმ სუფრასთან იმყოფებოდა, სადაც მეგობრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამბობს, რომ საეჭვო არაფერი შეუნიშნავს. მისმა ჩვენებამ ბევრი კითხვა გაუჩინა დაზარალებულის ოჯახს და ადვოკატს.

ელენე დოლიძე დანაშაულში ბრალდებული - ძებნილი ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის შეყვარებულია. დოლიძე საჯაროდ პირველად სასამართლო პროცესზე გამოჩნდა. მოწმე შეეცადა მოსამართლის წინაშე დეტალურად აღედგინა, თუ რა მოხდა სოფელ ლეღვაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ბაჟუნაიშვილის საცხოვრებელ სახლში. მოწმის ჩვენებით მას შემდეგ რაც მოზარდები სუფრაზე ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ, სახლიდან გავიდნენ და გაქრნენ. რამდენიმე საათის განმავლობაში მათი მოძებნა სათანადოდ არავის უცდია. ელენე დოლიძის ჩვენებიდან გაირკვა, რომ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი კონტაქტზე მხოლოდ 4 საათის შემდეგ გამოვიდა. ეს კი სავარაუდოდ ის პერიოდია რაც ბაჟუნაიშვილსა და ახვლედიანს გვამს საგულდაგულოდ დასამალად დასჭირდათ. რატომ არ დაინტერესდა ელენე დოლიძე ბაჟუნაიშვილის ადგილსამყოფლით ან რატომ არ სცადა მასთან 4 საათის განმავლობაში მობილურით დაკავშირება, ამ კითხვას მოწმემ არ უპასუხა. როგორც ჩანს ეს გარემოება არც გამოძიებისთვის იყო საინტერესო.

მოწმემ პროცესზე მხოლოდ ის განმარტა რომ ბაჟუნაიშვილი სახლში და სარდაფში მოძებნა. მოწმე დოლიძის ჩვენებით ბაჟუნაიშვილი მას რამდენიმე საათიანი გაუჩინარების შემდეგ თავად დაუკავშირდა და უთხრა რომ სარდაფში შხაპს იღებდა. რა მდგომარეობაში იყო ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი და რის დამალვას ცდილობდა ის სააბაზანო ოთახში ჩაკეტვით უცნობია. მოწმე ელენე დოლიძე ამ გარემოებაზე ვერ საუბრობს. ჩვენების დროს მან მხოლოდ ის ამტკიცა, რომ როცა აბაზანაში შესვლისას ყველაფერი სუფთა იყო. ბრალდებულის შეყვარებული და საქმის ოქროს მოწმე, ის ადამიანია რომელიც ბაჟუნაიშვილს თურქეთში ქალაქ ტრაპზონშიც გადაჰყვა. თუმცა საეჭვო აქ მხოლოდ ერთი გარემოებაა, საინტერესოა რატომ არ დაინტერესდა ელენე დოლიძე იმ ფაქტით თუ რა მიზეზით ტოვებდა ქვეყანას დაჩქარებული წესით ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი, ან რატომ მიდიოდა ქვეყნიდან ისე რომ პირადი მოხმარების ნივთებიც არ მიჰქონდა.

ელენე დოლიძის მხრიდან დანაშაულის სავარაუდო დაფარვაზე ალხანიშვილის ოჯახი გამოძიების დაწყების პირველივე დღიდან საუბრობდა. გიორგი ალხანიშვილის დედა დარწმუნებულია რომ ბრალდებულის შეყვარებულმა დანაშაულის ყველა მომენტი დაინახა და მიზეზი რის გამოც ბაჟუნაიშვილი საზღვარს ტოვებდა მისთვის ცნობილი იყო, თუმცა დოლიძე ბაჟუნაიშვილი ერთმანეთში შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ანალოგიური ეჭვები აქვს ალხანიშვილების ოჯახის ადვოკატს. უფლებადამცველი დარწმუნებულია რომ სასამართლო პროცესზე ელენე დოლიძემ წინასწარი შეთანხმებით ისაუბრა, ბრალდების მხარემ კი იმის გასარკვევად არაფერი გააკეთა, იცოდა თუ არა მოწმემ დანაშაულის ჩადენის შესახებ რაიმე.

2023 წლის 17 მაისის მკვლელობიდან 7 თვის თავზე პირველად ბრალდებულის შეყვარებული ელენე დოლიძე გამოიკითხა, მოლოდინი იმისა რომ მოწმე რაიმე მნიშვნელოვან დეტალზე ისაუბრებდა არავის ჰქონდა. ელენე დოლიძე თავისუფალია, თუმცა რა დაინახა 17 მაისის ტრაგიკულ ღამეს, იცოდა თუ არა სასტიკი დანაშაულის ჩადენის შესახებ ამის დასადგენად საგამოძიებო უწყებას ობიექტური გამოძიება არ ჩაუტარებია. არსებობს ეჭვები, რომ მოწმემ ყველაფერი დაინახა თუმცა ბაჟუნაიშვილის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე არავის არაფერი უთხრა.

ავტორი: საბა ბუაძე. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი