საქართველო ემიგრაციაში | საზღვარგარეთ წამსვლელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება

გამოქვეყნდა:

ქვეყანა, რომელსაც ემიგრანტები არჩენენ - წლიდან წლამდე საქართველო სულ უფრო დამოკიდებული ხდება ემიგრანტების ფულად გადმორიცხვებზე, და წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ჩვენი თანამემამულე იძულებულია დატოვოს საკუთარი ოჯახი, შვილები, სახლი და ლუკმა-პურის საშოვნელად ათასობით კილომეტრის იქით, უცხო ქვეყანაში გადაიხვეწოს.

თავისთავად, გაზრდილი მიგრაციის ეს ტალღა სრულ წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების მტკიცებასთან, თითქოს ქვეყანაში არნახული ეკონომიკური აღმავლობა გვაქვს. ქვეყნიდან, რომლის ეკონომიკაც იზრდება და რომელსაც შანსი აქვს ევროკავშირის კარი შეაღოს, როგორც წესი არ გარბიან ხოლმე. „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წყალობით კი ემიგრაცია სულ უფრო მეტი ადამიანისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა ხდება. აკი მოუწოდა კიდეც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა თავისივე მოქალაქეებს, იაფ ბილეთები აიღეთ და სამუშაოდ უცხოეთს მიაშურეთო. ერთი სიტყვით, ფულადმა გადმორიცხვებმა 2022 წელს 4.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს კოლოსალური თანხაა იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მასში რუსეთიდან გამოქცეული მიგრანტების გადმორიცხვებიც მოხდა. მაგრამ თავისთავად ესეც ხომ პრობლემაა. საქართველოდან მისი მოქალაქეები დამამცირებელი სიღარიბის გამო მიდიან, მათ სივრცეს და სამუშაო ადგილებს კი რუსეთის მოქალაქეები ითვისებენ. საქართველო ქართველების გარეშე - ეს ყველა დამპყრობლის მთავარი მიზანი იყო.

სოციალური სიდუხჭირე ამ ოკუპანტისთვის საკუთარი მიზნების მიღწევის საშუალება აღმოჩნდა. ყველგან და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს საქართველო ჰიბრიდულ ომშია. და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს მისივე სამშობლოში ჰქონდეს ღირსეული არსებობის საშუალება.

ავტორი: ზურა პეტროსიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი