ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი დაიწყო, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილიც, ესწრება. მინისტერიალს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, უძღვება.
ბორელმა მედიასთან კომენტარის დროს იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ერთიანობა არ დაირღვევა უკრაინის საკითხთან მიმართებაში - "რადგან ეს არ არის ის მომენტი, რომ შეასუსტოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ".
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ კი აღნიშნა, რომ ელოდება, რომ "ამ კვირაში საქართველოს გადაეცემა კანდიდატის სტატუსი." მისივე თქმით, უნგრეთის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით გამოწვევაა და მოლაპარაკებების საკითხია.
"ვიმედოვნებ, მომდევნო დღეებში ვილაპარაკებთ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე ბატონ ორბანთან. ევროპაში ბევრი შიდა გამოწვევა გვქონია. ვფიქრობ, ყველა გამოწვევას დავძლევთ," - ამბობს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კი განაცხადა, რომ ორი წლის წინ ევროკავშირის გაფართოებაზე საუბარიც კი შეუძლებელი იყო და ამ "კომიდან" ის უკრაინამ გამოიყვანა.
"ჩემი აზრით, ახლა არის ერთი დიდი ჯგუფი, რომლებსაც უწოდებენ ევროკავშირის გაფართოების მონაწილეებს. ყველა მათგანისთვის მნიშვნელოვანია პროგრესი, რაც უნდა იყოს დაფუძნებული დამსახურებაზე ორიენტირებულ მიდგომაზე. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირი გაფართოების კომიდან უკრაინამ გამოიყვანა. ორი წლის წინ გაფართოებაზე საუბარიც კი შეუძლებელი იყო. არც ჩვენ და არც საქართველოს ევროპული პერსპექტივაც კი არ გვქონდა მონიჭებული, ახლა ევროკავშირისთვის ამ გამოღვიძების მომენტის დაკარგვა, მომენტის დაკარგვა, როდესაც აცნობიერებ, რომ ევროკავშირის გაძლიერება დაკავშირებულია გაფართოებასთან, იქნებოდა დიდი ისტორიული შეცდომა. დღევანდელ დისკუსიებზე საქმე არა იმდენად კონკრეტული ქვეყნების გაწევრიანებას, არამედ ევროკავშირის მომავალს ეხება. არა მხოლოდ როგორც გაერთიანებისა, არამედ როგორც ევროპული სიძლიერის წყაროსი," - თქვა კულებამ.