შეცვლის თუ არა 16 წლის ლუკა აბულაძის გარდაცვალების საქმის მსვლელობას ახალი გარემოებები - გამოძიების მიხედვით მოზარდი ზღვაში დაიხრჩო. ის ე.წ. წყლის ბანანზე იჯდა. მომხდარის გამო 3 პირია დაკავებული, მათ შორის "ბანანის" მძღოლი. დაცვის მხარე ირწმუნება, რომ აქვთ მტკიცებულება, რომელიც დაკავებული მამაკაცის უდანაშაულობას ადასტურებს.
ისინი 16 წლის ლუკა აბულაძის გარდაცვალების სულ სხვა ვერსიაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ მოზარდი "ბანანზე" საერთოდ არ იჯდა. შესაძლოა მოზარდი მოკლეს და ზღვაში შემდეგ ჩააგდეს. ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს.
საქმეში სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. კადრები ბათუმში არასრულწლოვნის გაუჩინარებამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული. სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს წყლის ატრაქციონი, რომელზეც რამდენიმე ადამიანი ჯდება. მომხდარიდან 5 თვის შემდეგ"ბანანის" მგზავრთა რაოდენობა დაცვისა და ბრალდების, მხარის აზრთა სხვადასხვაობის ერთ-ერთი საფუძველია.
კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელიც დაკავებული ზურა საღინაძის ადვოკატებს აქვთ, ფოტო-დოკუმენტია. მხარე ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი ამ დაზიანებას "ბანანზე" ჯდომისას ვერ მიიღებდა. ადვოკატების თქმით, დაზიანებები არც სამხარაულის ექსპერტების მიერაა აღწერილი.