უკვე ორი დღეა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსით აგრძელებს ცხოვრებას. ამ მნიშვნელოვან მომენტამდე ქვეყანა ნამდვილად არ მივიდა ადვილად. არ იყო მარტივი ეს გზა, რომელიც გამოირჩეოდა ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკით, საპროტესტო აქციებით, დაკავებებით. ხალხის მტკიცე პოზიციამ მმართველი გუნდი აიძულა უკან დაეხია. ვერ მიიღო მაგალითად რუსული კანონი, თუმცა ისევ გაგრძელდა ევროპელი პარტნიორების კრიტიკა და დასავლეთის დადანაშაულება ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობისთვის, თუმცა ორი დღის წინ ვიხილეთ როგორ მიიწერა ხელისუფლებამ ხალხის გამარჯვება, მოვისმინეთ ხელისუფლების შეცვლილი რიტორიკაც და ვნახეთ პარლამენტში ევროკავშირის დროშებით მოსიარულე უმრავლესობის დეპუტატები.
ამის მიუხედავად ახალმა სტატუსმა პირადი ამბიციები ვერ დაათმობინა "ქართულ ოცნებას'' და სახალხო ზეიმისთვის საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე პრეზიდენტისთვის ადგილი ვერ გაიმეტეს. პრეზიდენტი იყო ქვემოთ, მაგრამ ხალხთან.