"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) ავრცელებს ინფორმაციას, რომ შავ სიაში შეყვანილი ოთხი კომპანიის მფლობელი ტენდერებს მეხუთე, ახალი კომპანიით იგებს.
საუბარია ბიზნესმენ ალექსანდრე ბარათაშვილზე, რომელმაც TI-ის თქმით, სახელმწიფო შესყიდვების შავი სიას ზედიზედ 4-ჯერ, უპრობლემოდ დააღწია თავი. მას შემდეგ, რაც მისი 4 კომპანია შავ სიაში მოხვდა, მან მეხუთე კომპანია დააარსა და რამდენიმე კვირაში სახელმწიფო შესყიდვებიდან კონტრაქტები მიიღო.
TI-ის მონაცემების მიხედვით, ალექსანდრე ბარათაშვილის ყველა კომპანიას ერთად შესყიდვებიდან 4.5 მლნ ლარის კონტრაქტები აქვს მიღებული.
"კომპანია შპს „ბარათაშვილის სამშენებლო კომპანია“ 2023 წლის 21 ივნისს დარეგისტრირდა და რეგისტრაციიდან 5 თვეში 372 ათასი ლარის ჯამური ღირებულების 3 კონტრაქტი მიიღო გამარტივებული შესყიდვის გზით. აქედან ერთი კონტრაქტი თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობამ რეგისტრაციიდან ერთ თვეში გაუფორმა. ამავე პერიოდში 4 ელექტრონულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და ოთხივე კონკურენტის გარეშე მოიგო. მათ შორის, ერთი ტენდერი რეგისტრაციიდან 3 კვირაში მოიგო. ყველა ელექტრონული ტენდერი დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ იყო გამოცხადებული.
აღნიშნულმა კომპანიამ, ჯამში, გამარტივებული შესყიდვებით და ელექტრონული ტენდერებით 500 ათასი ლარის ჯამური ღირებულების 7 კონტრაქტი მიიღო.
შპს „ბარათაშვილის სამშენებლო კომპანიის“ 100% წილის მფლობელი ალექსანდრე ბარათაშვილია, რომელიც ასევე ფლობს სხვა 4 კომპანიას: „რეალ ენერჯი“, „ამაპოლა“, „ჩემპიონი“ და „რობოტი +“. გასულ წლებში, ეს კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში აღებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო ერთი მეორის მიყოლებით შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდნენ.
- შპს „რეალ ენერჯი“ შავ სიაში 2020 წლის ოქტომბერში შეიყვანეს დიდუბის რაიონის გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულებების არაჯეროვნად შესრულების გამო;
- შპს „ამაპოლა“ შავ სიაში 2021 წლის აპრილში შეიყვანეს სხვადასხვა შემსყიდველთან 7 ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო;
- შპს „ჩემპიონი“ 2021 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა და შავ სიაში 2022 წლის ნოემბერში შეიყვანეს სხვადასხვა შემსყიდველთან 3 ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო;
- შპს „რობოტი +“ 2022 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა და შავ სიაში 2023 წლის ივნისში შეიყვანეს შპს „ჰერმესთან“ დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო",- ამბობს ორგანიზაცია.
მათი განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა კარგად აჩვენებს, რამდენად არაეფექტიანად მუშაობს შავი სიის წარმოების დღეს არსებული წესი, რომლის ცვლილებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მრავალი წელია ითხოვს.