ლიგიკურია თუ ენმ პრემიერად მიხეილ სააკაშვილს მოიაზრებს - გოცირიძე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის განცხადებას, რომ ის საქართველოში ბრუნდება პოლიტიკოსები აფასებენ.  "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ნათელია, სააკაშვილის პრიორიტეტი საქართველოა.

გოცირიძის თქმით, ბუნებრივი იქნება თუ "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრად  სააკაშვილს მოიაზრებს.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ უკვე უფრო მარტივია ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, ვინაიდან უკრაინაში მისი გეგმები , მისი სამომავლო ურთიერთობები და ის ვალდებულებები, რომელიც მას უკრაინის პრეზიდენტთან აქვს გასარკვევი იყო. ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ აქ აქვს მას პრიორიტეტი აღებული და ბუნებრივია ლოგიკური იქნებოდა თუ "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერად მოიაზრებდა მიხეილ სააკაშვილს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას ალბათ მოგვიანებით, მასთან კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ,- ამბობს რომან გოცირიძე.

მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებში განსხვავებული გამოხმაურებები მოჰყვა. პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სააკაშვილის გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებს.

ასეთი ფუჭი ანონსებით, თუ რამეს ემსახურება , ემსახურება ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" გაძლიერებას. მეტს არაფერს, - თქვა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოსა და ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა. იგი საზოგადოებას ბოდიშს უხდის დაშვებული შეცდომების გამო და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის ნების გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

ამის შემდეგ, "ქართული ოცნება" საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში დაბრუნების შესახებ Facebook-ის გვერდზე ირონიულად გამოეხმაურა წარწერით "Miha Hamodii".

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოსტს Facebook-ზე "ევროპული საქართველოც"  გამოეხმაურა. პარტია წერს, რომ თუ ამომრჩეველს წრეზე ტრიალი მობეზრდა, გამოსავალი ევროპული კოალიციაა.

"ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღძრა.

სააკაშვილმა კი საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის საქმეზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება ე.წ. "პიჯაკების საქმეც" - პროკურატურა მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ კი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზეც. 

მაშინ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ "უსამართლო პოლიტიკურ დევნაზე" საუბრობდნენ.

ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მისჯილი აქვს: 

  • სანდრო გირგვლიანის საქმეზე - თავისუფლების სამი წლით აღკვეთა;
  • ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე - ექვსწლიანი პატიმრობა.

მიმდინარე საქმეები: 

  • 7 ნოემბრის საქმე;
  • ე.წ პიჯაკების საქმე.

მიხეილ სააკაშვილი 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი