გორის მერი საკუთარ თავს ხელფასს უზრდის | ლადო ხინჩეგაშვილის ანაზღაურება 6 655 ლარი იქნება

გამოქვეყნდა:

გორის მერი საკუთარ თავს ხელფასს უზრდის - ლადო ხინჩეგაშვილის ანაზღაურება 2024 წლიდან 6 655 ლარი იქნება. იზრდება საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის, ხელფასიც - მისი თვიური ანაზღაურება 6 123 ლარით განისაზღვრება. სახელფასო მატება შეეხება მაღალჩინოსნების მოადგილეებსა და სამსახურების ხელმძღვანელებსაც.

გორის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ანაზღაურების ზრდა მერიის მიერ მომზადებული 2024 წლის ბიუჯეტის პროექტშია გათვალისწინებული, რომელსაც დეპუტატები კენჭს დღეს უყრიან. მას ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.

"იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნების" გორელ ჩინოვნიკებს და ასევე საჯარო მოხელეების უდიდეს ნაწილს უსაქმურობაში სძვრება სული, 2024 წლის გორის ბიუჯეტიც ისევ მათ კომფორტზე და პირად კეთილდღეობაზეა მორგებული. ნაცვლად იმისა, რომ სოციალურად დაუცველების დახმარება იყოს გაზრდილი. 100 სოციალურად დაუცველისთვის ძლივს გაიმეტა 2 კგ მაკარონი. სამარცხვინო პროექტს ამტკიცებს საკრებულო ამ სხდომაზე. ჩვენ, ცხადია, ვაპროტესტებთ. ეს ბიუჯეტი არ არის მორგებული გორელების ინტერესებზე," - ამბობს ანა ბალიაშვილი, გორის საკრებულოს წევრი ენმ-დან.

​ცნობისთვის, გორის მომავალი წლის ბიუჯეტი 80 მილიონ ლარს შეადგენს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი