"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) აცხადებს, რომ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის, რესან კონცელიძის, ინიციატივით მიღებული სამშენებლო ამნისტიის კანონი ეჭვს ბადებს ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე. ვინაიდან, TI-ის თქმით, მისი ძმიშვილები ვახტანგ და გოჩა კონცელიძეები უშუალოდ არიან ჩართულნი სამშენებლო ბიზნესში, ხოლო კიდევ ერთი ძმისშვილი, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, არჩილ კონცელიძე ზედამხედველობს მშენებლობებს.
რესან კონცელიძე ("ქართული ოცნება") საქართველოს პარლამენტში "სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" შეტანილი ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორია. ამ ცვლილებებით, ამნისტია გამოცხადდა ქალაქ ბათუმში უნებართვოდ ან/და სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებულ შენობა-ნაგებობებზე, რომელთა მშენებლობის პროცესი 2022 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით დასრულებული იყო.
ბათუმის მერიამ ორგანიზაციას დაუდასტურა, რომ კონცელიძეების სამშენებლო კომპანიებზე: "თაუნჰაუს ბათუმი", "რეგო გრუფი" და "ჰოუმ საიდ ტერასა" გაცემულია 35,100 კვადრატული მეტრის ფართის მშენებლობის ნებართვა, ხოლო "ელიტ კონსტრაქშენსა" და "ელიტ კონსტრაქშენ გრუფს" ნებართვა არ მიუღია.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიაჩნია, რომ პარლამენტის წევრის, რესან კონცელიძის საკანონმდებლო ინიციატივა ბათუმში სამშენებლო ამნისტიის შესახებ, სავარაუდოდ, შეიცავს ინტერესთა კონფლიქტს, რადგან მასთან დაკავშირებული სამშენებლო კომპანიები უშუალოდ აშენებენ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს ქალაქ ბათუმში. მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ბათუმის საკრებულოს და მერიის შიდა აუდიტის სამსახურს, თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში შეისწავლონ კვლევაში წარმოდგენლი საკითხები და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები", - წერს TI.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მშენებლობის პროცესში ჩადენილ შესაძლო დარღვევებზე მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა და კვლევაში ვრცლად წერს უპასუხოდ დატოვებული კითხვების, კონცელიძეებისა და მათთან დაკავშირებული კომპანიების მშენებლობებზე:
"მშენებლობის ზედამხედველი ორგანოს მიერ უპასუხოდ დატოვებული კითხვები
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ბათუმში სამშენებლო სექტორში არსებული სიტუაციის შესასწავლად, 2023 წლის 2 თებერვალს, მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, რომელმაც კანონით განსაზღვრულ ვადებში მოგვაწოდა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის დაწესებულებამ - ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციამ, არც 6 თებერვლის და არც 5 აპრილის განმეორებითი მიმართვის პასუხად, საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციიდან გვაინტერესებდა შემდეგი ინფორმაცია: 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 6 თებერვლამდე პერიოდში გამოვლენილი უნებართვო მშენებლობების რაოდენობა და უკანონოდ მშენებელი ფიზიკური/იურიდიული პირების სია, სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტების რაოდენობა და დამრღვევი პირების სია, სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე დაჯარიმებული პირების/ორგანიზაციების სია დარღვევის ტიპისა და ჯარიმის ოდენობების მითითებით, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების სიები.
ასევე, გვაინტერესებდა ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციასა და საქართველოს და აჭარის მთავრობის დაწესებულებებს, საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციები.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ასეთი ქმედება აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ კონცელიძეებთან დაკავშირებული კომპანიების დარღვევებს მუნიციპალური ინსპექცია მალავს. ამ ეჭვს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ ინსპექციას არჩილ კონცელიძე ხელმძღვანელობს. ასევე, გონივრულია ვივარაუდოთ, რომ რესან კონცელიძის ინიციატივა ბათუმში სამშენებლო ამნისტიის გამოცხადების შესახებ სწორედ ასეთმა სამშენებლო დარღვევებმა განაპირობა", - წერს ორგანიზაცია.
რესან კონცელიძე და მისი ძმისშვილები: არჩილ და გოჩა კონცელიძეები წლების განმავლობაში ერთდროულად მუშაობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მაღალ თანამდებობებზე.
რესან კონცელიძე 1993 წლიდან 2020 წლის აგვისტომდე მუშაობდა აჭარის პოლიციის და პროკურატურის მაღალ თანამდებობებზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ბათუმის მაჟორიტარი გახდა.
არჩილ კონცელიძე, რესან კონცელიძის ძმისშვილი, 2019 წლის 31 დეკემბრამდე ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ურეხის პოლიციის განყოფილების უფროსი იყო, ხოლო 2019 წლის 26 დეკემბრიდან დღემდე ა(ა)იპ "ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის" დირექტორია. ბათუმში მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა სწორედ ამ სამსახურს ევალება.
გოჩა კონცელიძე, რესან კონცელიძის კიდევ ერთი ძმისშვილი, რომელიც 2017-2018 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი იყო, პოლიციიდან წასვლის შემდეგ სამშენებლო ბიზნესში გადავიდა და დღეს შპს „რეგო გრუფის” დირექტორი და 100% წილის მფლობელი, Შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუფის” დამფუძნებელი და 60% წილის მფლობელი, შპს „ჰოუმ საიდ ბათუმის” დირექტორი და 100% წილის მფლობელი, შპს „ჰოუმ გრუფი 2023-ს” დირექტორი და 100% წილის მფლობელი, შპს „ჰოუმ საიდ ტერასას” დირექტორი და 50% წილის მფლობელია.
სამშენებლო ბიზნესში ჩართულია არჩილ კონცელიძის ძმა, ვახტანგ კონცელიძე. იგი სამშენებლო კომპანია „თაუნჰაუს ბათუმის” დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელია.
ამასთანავე, არჩილ კონცელიძის მეუღლე, ნინო დევაძე, სამშენებლო კომპანიების „თაუნჰაუს ბათუმის” და „ელიტ კონსტრაქშენ გრუფის” დირექტორია.
კონცელიძეებთან დაკავშირებული კომპანიების მშენებლობები
შპს „თაუნჰაუს ბათუმი” დაფუძნდა 2023 წლის 10 იანვარს. მისმა მფლობელმა და დირექტორმა, ვახტანგ კონცელიძემ და ნინო დევაძემ, კომპანიის დაფუძნებიდან უმოკლეს დროში, შეიძინეს ქალაქ ბათუმში, ადლიის ქუჩა #93-ში, მიწის ნაკვეთი, აიღეს მუნიციპალიტეტისგან სამშენებლო ნებართვა და დაიწყეს მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა.
შპს „რეგო გრუფი” გოჩა კონცელიძის მეუღლემ, მარიკა ჭყონიამ 2017 წლის 8 სექტემბერს დააფუძნა, ხოლო 2018 წლის 4 ოქტომბერს, კომპანიის 100% წილი მას აჩუქა. ამ სამშენებლო კომპანიამ ბათუმში, ჰეიდარ აბაშიძის #60-ში, ააშენა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, მშენებლის უკლებლივ ყველა მოთხოვნა, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ პარამეტრებში და შესაბამისად მშენებლობის ნებართვაში ცვლილებების შეტანის შესახებ, მუნიციპალიტეტმა დააკმაყოფილა. ასევე 2020 წელს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, უძრავის ქონებების სარეგისტრაციო წარმოების მიზნით, „რეგო გრუფს” სწორედ ნინო დევაძე წარმოადგენდა.
შპს „ჰოუმ საიდ ტერასა” (ყოფილი შპს „ლეგო დეველოპერი”) 2018 წლის 12 დეკემბერს დააფუძნა მამუკა მამულაიშვილმა, რომლის 100% წილი, 2019 წლის 1 ივლისს, 100 ლარად იყიდა გოჩა კონცელიძემ.2019 წლის 26 აგვისტოს, მან კომპანიის 50% წილი 100 ლარად მიყიდა შპს „ტერასა გრუპს”, რომლის დირექტორმა, დავით ჩიჩუამ და 55% წლის მფლობელმა, ლევან დარასელიამ, 2020 წლის 16 სექტემბერს, ჯამში 18,000 ლარი შეწირეს “ქართულ ოცნებას”.
„ჰოუმ საიდ ტერასამ” ქალაქ ბათუმში, პეტრე ჩაიკოვსკის #36/ჰეიდარ აბაშიძის #65-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, რაზეც მუნიციპალიტეტისგან მშენებლობის ნებართვა კომპანიამ გოჩა კონცელიძის დირექტორობის დროს მიიღო და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში პროექტის პირველადი განშლაც მისი ხელმძღვანელობის დროს დარეგისტრირდა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, მშენებლის უკლებლივ ყველა მოთხოვნა, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ პარამეტრებში და, შესაბამისად, მშენებლობის ნებართვაში ცვლილებების შეტანის შესახებ, მუნიციპალიტეტმა დააკმაყოფილა. ასევე, „ჰოუმ საიდ ტერასას” უძრავის ქონებების სარეგისტრაციო წარმოების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, 2020 წელს, ნინო დევაძე წარმოადგენდა," - ნათქვამია TI-ს კვლევაში.