დეკემბერში მთავრობამ 14 სახელმწიფო ქონება გაასხვისა, მათგან 6 კითხვებს აჩენს - კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველ კვირას მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს რა სახელმწიფო ქონება გადასცეს პირდაპირი პრივატიზაციის წესით ამა თუ იმ კომპანიას ან ფიზიკურ პირს. გადაწყვეტილებებზე მიღებული განკარგულებები უკვე მესამე წელია კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ ქვეყნდება, შესაბამისად უცნობია, ქონება ვინ რა პირობებით დაისაკუთრა ან რა შეღავათებს უწესებს მთავრობა.
საუბარია რამდენიმე ძირითად კომპანიაზე, რომელსაც მთავრობამ საპრივატიზაციო პირობები შეუცვალა. ერთ ერთი კომპანია არის შპს სომგოს კომპანია, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია, რომელსაც 2014 წელს პირდაპირი პრივატიზების გზით, სიმბოლურ ფასად 35,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა სიღნაღში, სასტუმროს აშენების პირობით. თუმცა შეუსრულებლობის გამო საპრივატიზაციო პირობები შეეცვალა.
სიაში მოხვდა ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილიც. 2009 წელს პაპაშვილს აბასთუმანში 79 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა სასტუმროს აშენების პირობით. პირობის არშესრულების შემდეგ, მთავრობამ პაპაშვილის ხელშესაწყობად პრივატიზაციის პროექტში ცვლილებები სამჯერ შეიტანა.
სიაშია შპს ნიკორა და შპს გლობალ ენტერპრაისი, რომლებსაც სახელმწიფომ ასევე გადასცა გარკვეული მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, რაც სპეციალისტებს კითხვის ნიშნებს უჩენს. "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" მიაჩნიათ რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია კორუფციის მაღალი რისკის მატარებელია, ამიტომაც ამ სფეროში გაუმჭვირვალობა დაუშვებელია.
ანონიმური პრივატიზაცია
მთავრობის დღის წესრიგში შეტანილი იყო პრივატიზების ორი გადაწყვეტილება, რომელთა შესახებ არაფერია ცნობილი: არც საპრივატიზებო ქონების აღწერა, არც ქონების მიმღები პირის ვინაობა და არც პირობები.
შპს “სომგოს კომპანია”
4 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ საპრივატიზაციო პირობები შეუცვალა შპს “სომგოს კომპანიას”, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია. ამ კომპანიას მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს პირდაპირი პრივატიზების გზით, სიმბოლურ ფასად გადასცა 35,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სიღნაღში, სასტუმროს აშენების პირობით. სავარაუდოა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება საინვესტიციო ვალდებულებების გადავადებას გულისხმობდა, რისი დეტალებიც უცნობია, რადგან შესაბამისი განკარგულება კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ გასაჯაროვდა.
შპს “გლობალ ენტერპრაიზი”
4 დეკემბერს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გაეტარებინა გარკვეული ღონისძიებები შპს “გლობალ ენტერპრაიზისის” საქმიანობის ხელშესაწყობად. 2018 წელს შპს “გლობალ ენტერპრაიზისმა” სახელმწიფოსგან 15,512 კვ.მ. მიწა და მასზე არსებული 5 შენობა მარილის საწარმოს აშენების პირობით სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიიღო. ამასთან, კომპანია დაფინანსდა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში-ს“ მიერ. გაურკვეველია ხელშეწყობის რა ღონისძიებების გატარებას აპირებს მთავრობა ამ კომპანიასთან მიმართებაში.
შპს “ნიკორა”
4 დეკემბერს მთავრობამ საპრივატიზაციო პირობები ასევე შეუცვალა შპს “ნიკორას”. საუბარია კომპანიისთვის 2021 წლის 14 დეკემბერს გადაცემულ 8,925 კვ.მ. უძრავ ქონებაზე თბილისში, რომლის საპრივატიზაციო პირობები ასევე უცნობია, რადგან შესაბამისი განკარგულება არც მაშინ გამოქვეყნებულა.
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი
19 დეკემბერს მთავრობამ საპრივატიზაციო პირობები შეუცვალა ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს. 2009 წელს ლაშა პაპაშვილს აბასთუმანში 78,998 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა, სასტუმროს აშენების პირობით. პირობის არშესრულების შემდეგ, მთავრობამ პაპაშვილის ხელშესაწყობად პრივატიზაციის პროექტში ცვლილებები სამჯერ შეიტანა: 2014, 2016 და 2018 წლებში. მთავრობის 2023 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებაც, შესაძლოა, საინვესტიციო ვალდებულებების მორიგ ჯერზე გადახედვას ეხებოდეს, თუმცა ამჯერად დეტალები უცნობია, რადგან მთავრობა შესაბამის დოკუმენტს არ ასაჯაროებს.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს ეს დოკუმენტები - ნათქვამია კვლევაში.