თბილისის მერიასა და "თბილსერვის ჯგუფს" დამდეგი ახალი წლის აღნიშვნა 11 089 442 ლარი უჯდებათ | "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

თბილისის მერია 2024 წელს ხელგაშლილი ხვდება. მერია და "თბილსერვის ჯგუფი" საახალწლო ნაძვის ხის, განათებების, დეკორაციებისა, საკონცერტო სცენებისა და აპარატურის შესაძენად, ძირითადად, ელექტრონულ ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებს აცხადებენ. როგორც წლევანდელი, ისე შარშანდელი წინასაახალწლო ხარჯები აჩვენებს, რომ გამარტივებული შესყიდვების გზით საკმაოდ ძვირადღირებული ხელშეკრულებები ფორმდება და თბილისს შობა-ახალი წლის აღნიშვნა მილიონობით ლარი უჯდება.

"ფლანგვის დეტექტორმა" თავი მოუყარა ყველა იმ ხარჯს, რომელიც თბილისის მერიამ წელს საახალწლო დღესასწაულისთვის გაიღო. ორგანიზაციის თქმით, საერთო ჯამში 2023 წელს თბილისის მერიასა და შპს "თბილსერვის ჯგუფს" დამდეგი ახალი წლის აღნიშვნა 11 089 442 ლარი უჯდებათ. ამავე კვლევის მიხედვით, შარშან თბილისის მერიამ საახალწლოდ 5 მილიონი ლარი დახარჯა დეკორაციებში, გალა კონცერტებში, გამოფენა-გაყიდვებსა და სხვა ინვენტარში.

"შპს "თბილსერვისმა" საახალწლო სამზადისი 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყო. პირველ ელექტრონული ტენდერებიც სწორედ ამ პერიოდში გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით კომპანიას 6 ელექტრონული ტენდერი აქვს გამოცხადებული და მათი ჯამური ღირებულება დაახლოებით 2.5 მლნ ლარს შეადგენს. 

იქიდან გამომდინარე, რომ იტალიიდან ჩამოტანილი მილიონიანი ნაძვის ხე შარშან დაიწვა, გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ერთ-ერთი პირველი ელ.ტენდერი სწორედ ნაძვის ხის შესყიდვას შეეხებოდა. უფრო კონკრეტულად კი შპს “თბილსერვისმა” 2023 წლის 12 სექტემბერს ელ.ტენდერი გამოაცხადა 24 მეტრიანი საშობაო ნაძვის ხის შესასყიდად. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 730,000 ლარს შეადგენდა. ტენდერს ერთადერთი პრეტენდენტი, შპს “ღამის შოუს სტუდია” ჰყავდა, გამარჯვებულიც სწორედ ეს კომპანია გახდა და მასთან 720,000 ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ზუსტად იგივე დღეს შპს “თბილსერვის ჯგუფმა” კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა, რომელიც ამჯერად გასანათებელი მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვას შეეხებოდა, უფრო კონკრეტულად კი, კომპანია 780,000 ლარს იხდიდა გირლანდების შესაძენად. გასაკვირი არაა, რომ ამ შემთხვევაშიც ტენდერის ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებული შპს “ღამის შოუს სტუდია” იყო, მასთან დადებული ხელშეკრულების ღირებულებამ 764,400 ლარი შეადგინა. 

24 ოქტომბერს შპს “თბილსერვის ჯგუფსა” და შპს “ღამის შოუს სტუდიას” შორის კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდა. კერძოდ, თბილსერვის ჯგუფმა საშობაო ნაძვის ხის ნათურების შესასყიდად 58,262 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერს ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ერთი პრეტენდენტი ჰყავდა შპს ღამის შოუს სტუდიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 67,850 ლარს შეადგენს, იმაზე მეტს, ვიდრე თავდაპირველად იყო განსაზღვრული. 

შპს “თბილსერვის ჯგუფმა” 27 ოქტომბერს კიდევ ორი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა და ორივე მათგანში გამარჯვებული შპს “ქოლორფულ სფირითს” გახდა. ერთ შემთხვევაში კომპანია 318,510 ლარს იხდიდა 2D მანათობელი ფიგურების შესასყიდად შპს “ქოლორფულ სფირითთან" დადებული ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 289,950 ლარია. ამავე დღეს “თბილსერვის ჯგუფმა” კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა მანათობელი ფიგურების სახელმწიფო შესყიდვისთვის, ხელშეკრულება  ამჯერადაც შპს “ქოლორფულ სფირითთან” დაიდო, მანათობელი ფიგურების მიწოდების სანაცვლოდ კომპანია 295,995 ლარს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში შპს “ქოლორფულ სფირითის” კონკურენტი შპს “ღამის შოუს სტუდია” იყო. 

ბოლო ელ.ტენდერი, რომელშიც შპს “ღამის შოუს სტუდიამ” კიდევ ერთხელ გაიმარჯვა უკონკურენტოდ, 3 ნოემბრით თარიღდება.თბილსერვის ჯგუფი მიმწოდებელ კომპანიას 358,000 ლარს უხდის ალილოს ფიგურებისა და შობის ვარსკვლავის მიწოდებისთვის. 

გამოდის, რომ შპს “თბილსერვის ჯგუფი” 6 ელ.ტენდერში საერთო ჯამში 2,496,195 ლარს იხდის. აქედან ოთხ შემთხვევაში უკონკურენტოდ გამარჯვებულ შპს “ღამის შოუს სტუდიას” კი 1,910,250 ლარი გადაუხადეს. 

საინტერესოა უშუალოდ თბილისის მერიის წინასაახალწლო შესყიდვებიც. 2023 წლის ნოემბერსა და დეკემბერში თბილისის მერიამ ელ.ტენდერები გამოაცხადა სცენების, პოდიუმებისა და კონსტრუქციების, ასევე სასცენო განათებების, გალაკონცერტების გახმოვანების, სასცენო გადახურვის, ფეიერვერკების, საკონცერტო აპარატურის, გარე გამოყენების ეკრანის მომსახურებისა და გახმოვანების შესასყიდად. თბილისის მერიას წელს ეს მომსახურებები 2,091,606 ლარი დაუჯდა.

ელექტრონული ტენდერების პარალელურად, თბილისის მერია გამარტივებული შესყიდვების გზითაც აფორმებს ხელშეკრულებებს. მერიამ 6,501,641 ლარი გამოყო გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულების გასაფორმებლად. 

აღნიშნული თანხით თბილისის მერია 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 7 იანვრის ჩათვლით ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშრალ ხიდზე და დედაენის ბაღში “საახალწლო ქალაქის” მოწყობას და სხვადასხვა ღონისძიების გამართვას გეგმავს. აღნიშნულ ლოკაციებზე სხვადასხვა ინსტალაცია, თემატური მორთულობები, ფოტოზონა, დეკორირებული ჯიხურები, თოვლის ბაბუას სახლი, კულტურული, სპორტული და საბავშვო სივრცეები, საახალწლო ბარი, საციგურაო ყინულის მოედანი და სხვა დეკორაციები განთავსდება. გარდა ამისა, თბილისის მერია სხვადასხვა ჟანრის კონცერტსა და საბავშვო-გასართობ აქტივობებსაც გეგმავს. 2023 წლის 31 დეკემბერს კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თემატურად დეკორირებულ სცენაზე საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება. 

საერთო ჯამში კი შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელს თბილისის მერიასა და შპს “თბილსერვის ჯგუფს” დამდეგი ახალი წლის აღნიშვნა 11,089,442 ლარი უჯდებათ," - ნათქვამია "ფლანგვის დეტექტორის" კვლევაში.

"ფლანგვის დეტექტორი" მიმოიხილავს ევროპულ პრაქტიკასაც და წერს, რომ საქართველოზე ბევრად მდიდარი სახელმწიფოები გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ ყოველწლიურად საშობაო ნაძვის ხის, დეკორაციებისა და ღონისძიებებისთვის.

​"მაგალითად, ფინეთის მოქალაქე ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით დაახლოებით 10-ჯერ მდიდარია, ვიდრე საქართველოს მოქალაქე, თუმცა ფინეთი ახალი წლისა და შობის დღესასწაულისთვის 156,000 ევროს ხარჯავს, მაშინ, როდესაც თბილისში ახალი წლის აღნიშვნა ყოველწლიურად მილიონობით ლართან არის დაკავშირებული," - წერს "ფლანგვის დეტექტორი."

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი