ქობულეთის სოფელ ლეღვაში მოკლული გიორგი ალხანიშვილის საქმეზე ბათუმის სასამართლოში დღეს "ოქროს მოწმე" დაიკითხა. ალექსანდრე ახვლედიანმა დეტალურად გაიხსენა მკვლელობის დღე. მისი მტკიცებით, 20 წლის ბიჭი ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა მოკლა დანით, რომელიც ბათუმში იყიდა. მომხდარის შემდეგ მან საზღვარი გადაკვეთა და ქვეყანა დატოვა.
პროკურატურის მოწმე ყვება, რომ მოტივი სუფრაზე მომხდარი შელაპარაკება გახდა. ახვლედიანმა თქვა, რომ მკვლელობის მეორე დღეს, ბაჟუნაიშვილმა ცხედრის დამარხვაში დახმარება სთხოვა, რაც ერთად გააკეთეს.
მოწმემ თქვა, რომ ბრალდებულის ოჯახი მოწმეებზე ზეწოლას ახდენდა, მისივე თქმით, მკვლელობის შესახებ იცოდეს ბრალდებულის ბიძებმაც, მათ შორის ერთ-ერთი სასულიერო პირია.
"მაღაზიაში გავედით და უბრალოდ დანა იყიდა, მკვლელობის დანა, რომელიც მერე გამოვლინდა, იქ იყო ნაკიდი. დაახლოებით 40 წუთში, ერთ საათში დარეკა ალექსანდრემ, რომ მოსული იყო და ჩავსულიყავით სადარბაზოსთან. როგორც კი მანქანა მოაყენა ეგრევე გავედით, ჩავსხედით მანქანაში და წავედით ლეღვაში. მანქანაში დაგვხვდა დათო და ლუკა, მათ არ იცოდნენ, რომ გიორგი მოდიოდა. [...] გვამი საბარგულში იდო, ბარებიც ასევე, მე და ალექსანდრე გავედით, ვეძებდით ადგილს. იმ ადგილის დამახსოვრება იმიტომ გამიჭირდა, რომ იმ მომენტში მართლა არაფერი არ ჰგავდა რეალობას.... საბოლოო ჯამში ალექსანდრემ მიაგნო ადგილს, სადაც შეიძლებოდა გვამის დამარხვა. მიწა უკვე ამოთხრილი იყო, მივედით, ბარი მომცა, ამოვთხარეთ მიწა, შემდგომ მითხრა, რომ არ უნდოდა რომ გვამი მენახა, გადმოიტანა მანქანიდან ბრეზენტი, მე გავეცალე, აღარ ვუყურებდი. [...] როცა გამოვდიოდით, ერთი წამითო, ისევ მანქანაში ჩაჯდა, გადაუარა ზევიდან, რომ მიწა დაეტკეპნა", - თქვა ახვლედიანმა.
პროკურორის თქმით, მოწმის მიმართ ადგილი ჰქონდა ზემოქმედებას, რომ სამართალდამცავებისთვის ინფორმაცია არ მიეწოდებინა.
"გარკვეული დღეების შემდგომ შემუშავდა ვერსია, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მამის მხრიდან, რომ გარდაცვლილი თითქოს და გამოაცილეს წითელი ფერის ტაქსით. მოწმემ ასევე ისაუბრა თუ რით იყო განპირობებული მის მიერ ასეთი ცრუ ინფორმაციის დაფიქსირება", - თქვა პროკურორმა.
მკვლელობა ქობულეთში მიმდინარე წლის 18 მაისს მოხდა. საქმეზე ბრალდებულ დავით მენაბდეს და ლუკა ჯიბლაძეს გამოძიება მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, ხოლო ალექსანდრე ახვლედიანს მკვლელობის დაფარვას.
მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი ლონდონში, საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება.