იმერეთში გადაუღებლად თოვს. მაღალმთიან სოფლებში თოვლის სიმაღლემ ერთ მეტრს გადააჭარბა. 11 მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა პრობლემები შექმნა. ამ დროისთვის ათეულობით სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი, 50 000 -ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
რთული ვითარებაა ხარაგაულში, უკვე მეორე დღეა ადგილობრივებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.
"სოფელ მუხურაშიც გვაქვს რთული მდგომარეობა, ამ წუთისთვის ტყიბულთან დამაკავშირებელ გზაზე შეჩერებულია მოძრაობა. როგორც ადგილობრივი სამსახური ავრცელებს, ალბათ ხვალ, დღის მეორე ნახევრისთვის გაიხსნება. ელექტროენერგია არასტაბილურად მიეწოდება სოფელს. არის შეფერხებები", - ამბობს ადგილობრივი.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს და მოსახლეობასთან არავინ მისულა.
ასევე რთული მდგომარეობაა რიკოთის უღელტეხილზე. მძღოლების თქმით, პერიმეტრზე ტექნიკური მარილი იყრება, თუმცა უხვი ნალექის გამო პრობლემის დროული მოგვარება ვერ ხერხდება.