12 წლის ანას დედის ინფორმაციით, ფოტორობოტი პროკურატურას 3 თვეა აქვს, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ | შედგება თუ არა შეხვედრა შოთაძესთან?

გამოქვეყნდა:

დიღომში საეჭვო ვითარებაში დაღუპული 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი პროკურატურას უკვე სამი თვეა საქმის მასალებში აქვს, თუმცა რეაგირება საგამოძიებო ორგანოს ამ დრომდე არ მოუხდენია.

ოჯახი გამოძიებას სრულ უნდობლობას უცხადებს და საქმის მასალებისა და მტკიცებულებების FBI-სთვის გაგზავნას მოითხოვს.

"ეს იყო ჩემი დაჟინებული მოთხოვნა და ჩვენი ოჯახის დაჟინებული მოთხოვნა. თვითმხილველები, ვისი მიხედვითაც არის შედგენილი [ფოტორობოტი], მზად იყვნენ, რომ ეთანამშრომლათ, უბრალოდ არ ხერხდებოდა მანამდე, ვერა და ვერ მოხერხდა.

რომ არ ყოფილიყო ეს ზღაპრები, რომ თქვენი შვილი სუპმა დაახრჩო და თვითონაც არ სჯეროდათ ამ ზღაპრების. ანდა ძაღლმა შეაშინა და ბავშვი შევარდა და გადაწყვიტა პირი არ გააღოს და პირდაკეტილმა აღებინოს, მაშინ უკვე ნაპოვნი იქნებოდა ის პიროვნება.

ჩემს შვილს აქვს მრავლობითი დაზიანება. ჯამში არის 39 დაზიანება. მათ შორის აქვს სილურჯეები. ეს დალურჯებები მიყენებულია თითებით, აი, ზეწოლით არის ნეკნებზე. აუცილებელია, ასევე ნივთმტკიცებები გაიგზავნოს FBI-ში, რათა მათ ამოიღონ დნმ ანალიზი, დნმ ანალიზის მეშვეობით ამოიღონ ბრალდებულის დნმ, ვინაიდან, სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ ეს ვერ შეძლო," - ამბობს ხუტაშვილი.

არსებული ინფორმაციით, გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე კი თანახმაა, რომ უახლოეს დღეებში თავად შეხვდეს დაზარალებულ ოჯახს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

შეგახსენებთ, რომ ანა იანუშაიტიტე 16 მარტს ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. მანამდე 12 წლის გოგონა მისი სახლის მიმდებარედ სეირნობდა, შემთხვევამდე ის არაერთმა მეზობელმა ნახა. მთელი ღამის ძებნის შემდეგ, 17 მარტს გოგონა დაღუპული იპოვეს.

ექსპერტიზის დასკვნით, 12 წლის ანას სხეულზე 39 დაზიანება აქვს, აღენიშნება სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები.

გუშინ კი ანას დედამ სავარაუდო დამნაშავის ფოტორობოტი სოციალურ ქსელში გაავრცელა.

საგამოძიებო უწყება ბოლო 10 თვეა ამტკიცებს, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და არა განზრახ მკვლელობა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი