ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადი | სემეკმა ტარიფები დაადგინა

გამოქვეყნდა:

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებისათვის ტარიფების დადგენაზე იმსჯელა. 

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა. შემცირებული ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის პირველი იანვრიდან და იმოქმედებს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

რაც შეეხება წყალს - კომისიის გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო ტარიფები როგორც უმრიცხველო (სულადობრივი გადასახადი), ასევე გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის.

გაიზარდა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის" წყალმომარაგების არასაყოფაცხოვრებო ტარიფები: თბილისსა და მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა 8.807 ლარი/კუბ.მ-ით, ხოლო რუსთავში - 6.500 ლარი/ კუბ.მ-ით. თბილისსა და მცხეთაში ტარიფმა 2 ლარითა და 30 თეთრით მოიმატა, რუსთავში - 2 ლარითა და 80 თეთრით.

წყალმომარაგების კომპანიისთვის დადგენილი ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

"წყალმომარაგების ტარიფების ცვლილება განპირობებულია ქ. თბილისში, ქ. მცხეთასა და ქ. რუსთავში წყალმომარაგების ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების აუცილებლობით", - აცხადებს სემეკი.

GWP-ს გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ სემეკმა ტარიფში ასახა მათ მიერ წარდგენილი ინვესტიცია, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს განაახლონ მოძველებული ინფრასტრუქტურა, შეამცირონ წყალმომარაგების შეზღუდვების სიხშირე, დრო და არეალი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი