"შეიძლება იყოს არამეგობრული საგარეო ჩარევის შედეგი" | რუსი დეპუტატი აფხაზეთში პროტესტზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კიდევ ერთი დეპუტატი, ანასტასია უდალცოვა ამბობს, რომ შესაძლოა "გარე ჩარევის შედეგი" იყოს მცდელობები, გამოიყენონ რუსეთსა და "აფხაზეთს" შორის ურთიერთქმედების ტექნიკური ასპექტები.

"სახელმწიფოთაშორისი ურთიერთქმედების ტექნიკური ასპექტების გამოყენების მცდელობა ხელოვნური პოლიტიკური დაძაბულობის შესაქმნელად შეიძლება იყოს არამეგობრული საგარეო ჩარევის შედეგი", - ამბობს ის.

დეპუტატი ამბობს, რომ "ორივე ქვეყნის" მოქალაქეებმა საღი აზრი უნდა შეინარჩუნონ და არ აჰყვნენ რაიმე პროვოკაციას, იხელმძღვანელონ "გადამოწმებული ოფიციალური ინფორმაციით".

"ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოა, დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებები თავდაჯერებულად აკონტროლებენ რესპუბლიკის შიდა პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის შეუძლიათ დახმარებისთვის მიმართონ რუს კოლეგებს", - ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების "რატიფიცირება" მოახდინა, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადაეცა.  

რა ხდება:

სახელმწიფო აგარაკების კომპლექსი 1958-1961 წლებში აშენდა ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის ბრძანებით. "ეხო კავკაზა" წერს, რომ 2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული "ობიექტი" მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.

რუსულ მხარეს ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტთან მიმდებარე ზღვის ფართობი - 49-წლიანი იჯარით. ყოველ ნაკვეთზე რუსეთი წელიწადში 1 რუბლს გადაიხდის. 

იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე მოსკოვს უფლება აქვს განახორციელოს კაპიტალური მშენებლობა აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით. აშენებული შენობების საკუთრება რუსეთის მხარეს იქნება. რუსეთს შეეძლება ობიექტის გამოყენება ღონისძიებების ჩასატარებლად, ასევე რეკრეაციული მიზნით. 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად განახლდება შემდგომი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის ვადის გასვლამდე მინიმუმ 6 თვით ადრე. ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი