არსებული ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო შაქშაქეთში, დანაშაულის
ჩადენის მოტივი ის შენიშვნა გახდა, რომელიც ახალგაზრდა ქალმა მეუღლეს მისცა. გამოძიების ცნობით, ამის შემდეგ კაცი გაბრაზდა და ცოლს თავის არეში ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
პროკურორი დღევანდელ სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ ახალგაზრდა ქალი სიკვდილს დედამთილმა გადაარჩინა.
"პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩატარებული გამოძიებით, 2023 წლის 28 დეკემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო შაქშაქეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში ბრალდებულმა მეუღლის მიმართ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა. რამდენჯერმე დაარტყა თავის მიდამოში დანა, რაშიც ჩაერია მისი ოჯახის წევრი და, შესაბამისად, შემდგომში დაზარალებული გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში," - თქვა პროკურორმა ბაჩანა ქარქუზაშვილმა.
დაცვის მხარე კი დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატ მარინე მარიამიძის მტკიცებით, მას ცოლის მოკვლა არ სურდა. თუმცა, მოსამართლემ ადვოკატის
შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და თორნიკე ნოზაძე წინასწარ, 2-თვიან პატიმრობაში დატოვა. ის გლდანის ციხეში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ 28 დეკემბერს ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო შაქშაქეთში, ქმარმა ცოლი
დაჭრა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ასევე ნახეთ: