"მოსკოვის მოთხოვნით, სოხუმმა შესაძლოა 2020 წელს დაკავებული ირაკლი ბებუა გაათავისუფლოს" | "ჩეგემსკაია პრავდა"

გამოქვეყნდა:

გაათავისუფლებენ თუ არა ირაკლი ბებუას? - აფხაზური გამოცემა "ჩეგემსკაია პრავდა" წერს, რომ მოსკოვის მოთხოვნით, სოხუმმა შესაძლოა 2020 წელს აფხაზეთის დროშის დაწვის ბრალდებით დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლოს.

აფხაზურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის პარალელურად, რუსული მხარის მოთხოვნით, წლის ბოლომდე საქართველოსთვის ბებუას გადაცემის გადაწყვეტილება იქნება მიღებული. აღნიშნულს საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

"მთავარი არხი" დაუკავშირდა ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებს, თუმცა ამ დროისთვის მათაც არ აქვთ ინფორმაცია, მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის მოლაპარაკებები მის გათავისუფლებაზე რუსეთსა და სოხუმს შორის.

"მიმდინარე წლის დასაწყისში ჩვენი გვერდის ადმინისტრაციაში შემოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის პარალელურად, რუსული მხარის მოთხოვნით, წლის ბოლომდე საქართველოსთვის ირაკლი ბებუას გადაცემის გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ახლა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შესამჩნევი დათბობა მიმდინარეობს, რაც ნიშნავს, რომ მოსკოვისადმი პირდაპირი დათმობების გარდა, ჩვენ ქართველების მიმართ უნდა მოვადინოთ იმის დემონსტრირება, რომ თუ პროდასავლურ კურსზე უარს იტყვიან, აფხაზეთისგანაც მიიღებენ დათმობებს," - წერს "ჩეგემსკაია პრავდა."

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს უკანონოდ დააკავა დე ფაქტო ხელისუფლებამ. ამავე წლის 8 დეკემბერს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბებუას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება. ის "დროშის" დაწვას აღიარებს, საბრძოლო მასალის უკანონო ტარებას კი არა. არსებული ინფორმაციით, ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი