Google აქვეყნებს სტატისტიკას, რითი ინტერესდებოდა 2023 წელს ყველაზე ხშირად მსოფლიო მოსახლეობა

გამოქვეყნდა:

რა ინფორმაციას ეძებდა ყველაზე ხშირად მომხმარებელი Google-ს საძიებო სისტემაში? Google-მა იმ ამბების და ადამიანების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლითაც მსოფლიოს მოსახლეობა ყველაზე ხშირად ინტერესდებოდა.

ახალი ამბების უპირობო ლიდერია ისრაელ-"ჰამასის" ომი. რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო და მას შემდეგ ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ჰამასი" ამ დროში 1 100-ზე მეტი ადამიანი დახოცა და 250-მდე გაიტაცა.

მეორე ყველაზე საინტერესო ამბავი Google-ის მომხმარებლებისთვის წყალქვეშა ნავის "ტიტანის" ჩაძირვა იყო. "ტიტანი", რომლის ბორტზეც ხუთი ადამიანი იყო, 18 ივნისს წყნარ ოკეანეში გაუჩინარდა და მის კვალს ვეღარ მიაგნეს. 

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც Google-ში ყველაზე ხშირად ეძებდნენ - პირველი ადგილი დაიკავა ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავმა დამარ ჰამლინმა - ის ათლეტებს შორისაც უპირობო ლიდერია. 

მუსიკოსებს შორის ყველაზე ხშირად კოლუმბიელ მომღერალს, შაკირას ეძებდნენ. აღსანიშნავია, რომ მის მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მან ყოფილ ქმარზე, ესპანელ ფეხბურთელ პიკეზე სიმღერა დაწერა. 

უკვე გარდაცვლილ ადამიანებს შორის ყველაზე ხშირად ინტერნეტ-მომხმარებლები სერიალ "მეგობრების" ამერიკელი მსახიობის, მეთიუ პერის გარდაცვალებას ეძებდნენ. 

ფილმებს შორის ყველაზე დიდ ინტერესს ბლოკბასტერები, "ბარბი" და "ოპენჰაიმერი" იწვევდა.

Google-მა ასევე გამოაქვეყნა მონაცემები, ვის ეძებდნენ მომხმარებლები 2004 წლიდან - ირკვევა, რომ პირველ ადგილს მუსიკოსი, გრემის არაერთგზის მფლობელი "ბიონსე", მეორე ადგილს კი პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ იკავებს. ყველაზე პოპულარულ მსახიობებს შორის პირველი ადგილი კი "ჰარი პოტერის" მსახიობებმა ერთობლივად და უპირობოდ  დაიკავეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი