დღეიდან დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილება იზღუდება

გამოქვეყნდა:

დღეიდან, პირველი იანვრიდან, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოს თვეში. ამასთან, მერის თქმით, მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

რეგულაცია არ გავრცელდება:

  • საზოგადოებრივ ტრანსპორტზე;
  • საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი);
  • მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე;
  • მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე;
  • ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე;
  • ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე;
  • ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში;
  • სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. აღნიშნული კატეგორიისთვის გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის პირველ სექტემბრამდე.

წესების დარღვევისთვის პირველ შემთხვევაზე მძღოლი 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე - 3 000 ლარის ოდენობით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი