ახალი წლის დადგომა მთელ საქართველოში ზეიმით აღინიშნა. საახალწლო კონცერტები გაიმართა დედაქალაქშიც და რეგიონებშიც - თუმცა ამით საზეიმო ღონისძიებები არ სრულდება. ამ დრომდე საზეიმო განწყობის ეპიცენტრი ორბელიანის მოედანი და რუსთველის გამზირია. საახალწლო სოფელს, მთელი დღის განმავლობაში, უამრავი სტუმარი ეწვია.
პარალელურად ამ წუთებში იწყება კიდევ ერთი საახალწლო კონცერტი დედაენის ბაღში. საახალწლო სოფელში დღის განმავლობაში უკვე გაიმართა საბავშვო წარმოდგენები და იგივე განწყობა იქნება მომდევნო დღეებშიც. ასევე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა დღეს ქვეყნის მთავარ ნაძვის ხესთან, სადაც ახლაც ხალხმრავლობაა.
"საახალწლო სოფელში", რომელიც ორბელიანის მოედანს, მიმდებარე ქუჩებსა და დედაენის ბაღს მოიცავს, 16 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება გამოფენა-გაყიდვა "საშობაო ბაზარი", გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტები, "საახალწლო ქალაქის" პავილიონი, სახელოსნო და თეატრი, თეატრალიზებული მსვლელობები და წარმოდგენები, საბავშვო ვორქშოფები, ილუზიონისტების შოუ, თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი, გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი, თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა, მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი, გარდა ამისა, იფუნქციონირებს ყინულის საციგურაო მოედანი და თემატური ფოტოზონები.
საღამოობით გაიმართება სხვადასხვა ბენდების, ვოკალისტების, ჯგუფებისა და ანსამბლების კონცერტები, რის შემდეგაც საახალწლო სოფლის სტუმრების წინაშე წარდგება DJ ელექტრონული მუსიკით. პატარებს დედაენის ბაღში დახვდებათ თოვლის ბაბუაც.