შოვის სტიქიას გადარჩენილი გიორგი ადამია წერს, რომ მომხდარიდან 5 თვის შემდეგ მას და მის ოჯახს მთავრობისგან არანაირი ყურადღება და თანადგომა არ მიუღია. მისი თქმით, არც მას და არც სხვა გადარჩენილებს დღემდე არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი. გიორგი ადამია აგვისტოში, შოვში 6 წლის შვილთან ერთად იყო ჩასული. სტიქიის დროს ისინი ჯერ ტალახის ტალღამ წაიღო, შემდეგ, როცა წამოდგომა შეძლეს ჩამოწოლილ მასაში რამდენიმე საათი მოუწიათ გადაადგილება. "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ადამია იხსენებდა, რომ პირველი ვერტმფრენი, რომელმაც მათ თავზე გადაიფრინა, დაახლოებით 2-3 საათში გამოჩნდა.
როგორც ადამია წერს, ექსპერტიზის დასკვნამ დაადგინა, რომ მსუბუქად დაზიანდნენ. ის აქვეყნებს მისი და მისი შვილის ფოტოებს, რომლებიც ასახავს იმ ფიზიკურ დაზიანებებს, რაც მეწყერმა გამოიწვია.
"ხუთი თვე გავიდა შოვის ტრაგედიიდან, არც მე და არც სხვა ჩემთან ერთად გადარჩენილს დღემდე არ მიგვიღია დაზარალებულის სტატუსი, პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდა, რომელმაც დაადგინა რომ მსუბუქად დავზიანდით და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ მიგვიღია.
ჩვენ ადამიანები რომელიც ოთხი საათი მეწყერში ვხოხავდით, ყოველი წამი საშიში იყო ჩვენი და ჩვენი ბავშვების სიცოცხლისათვის. ავტომობილები რომლებშიც ვისხედით წამებში მეწყერმა გაგვტაცა და გაანადგურა, დღეები ფეხზე ვერ ვდგებოდით. ხუთი თვის თავზე ისევ გვესიზმრება კოშმარები თუ როგორ გავურბივართ მეწყერს, მე და თომას რაჭის გაგონებაზე უსიამოვნო განცდა გვეუფლება, მთის დანახვაზე შიშის გრძნობა გვიპყრობს. საქართველოს მთავრობამ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ფეხზე დაგვიკიდა, ჩემს ოჯახს მათგან არანაერი ყურადღება, თანადგომა არ მიგვიღია ამ ხუთი თვის მანძილზე.
შობა-ახალწელს გილოცავთ ყველას! მადლობა ღმერთს ჩვენი გადარჩენისთვის და იმ რაჭველ ბიჭებს ვინც გამოგვიყვანა იმ საშინელებიდან. კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ გარდაცვლილების ოჯახებს", - წერს ადამია.