ყაჩაღობა გორში - ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან, წმინდაწყლის დასახლებაში, 2 იანვრის ღამეს ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დანაშაულში ორი პირი იღებდა მონაწილეობას, მათგან ერთი არასრულწლოვანია.
მათ ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს იარაღის მუქარით ნავაჭრ თანხასთან ერთად, მობილური ტელეფონიც წაართვეს და მიიმალნენ. თუმცა, როგორც ადვოკატი ვაჟა სუხიტაშვილი "მთავარ არხთან" ამბობს, იარაღი ნამდვილი არ ყოფილა.
"სახლიდან წამოღებული მქონდაო ხმოვანი პისტოლეტი რომ არის ეგ, ნამდვილს რომ ჰგავს, ეგ. სახლიდან მქონდა წამოღებულიო...შევედიო, მარტო იყო ოპერატიორიო. მივუშვირე ეს იარაღიო, მომცა რაც ნავაჭრი ჰქონდაო და ავიღე მისი მობილური ტელეფონი და წავედი ქარელისკენო," - ამბობს სუხიტაშვილი.
"მთავარის" ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და მათ კვალზე გასვლისთვის სამართალდამცველებს 24 საათზე მეტი დასჭირდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ისინი ქარელის მუნიციპალიტეტში იპოვეს. თუმცა, მათ პასუხისგებაში მხოლოდ სრულწლოვანი, 20 წლის კაცი მისცეს, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ: