"ოცნების" განახლებული წესდებით, პოლიტსაბჭოს პრემიერობის კანდიდატს ივანიშვილი წარუდგენს

გამოქვეყნდა:

„[პოლიტიკური საბჭო] პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" განახლებულ წესდებაშია საუბარი. 30 დეკემბერს მიღებულ შესწორებებში მთავარი საკითხი სწორედ ახალი სტრუქტურული ერთეული - პარტიის საპატი თავმჯდომარეა, რომლის პოსტსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი იკავებს.

„პარტიის სტრუქტურა

პარტიის ორგანოებია:

  • ა) პარტიის ყრილობა;
  • ბ) პარტიის პოლიტიკური საბჭო;
  • გ) პარტიის სარევიზიო კომისია;

გ/1) პარტიის საპატიო თავმჯდომარე;

  • დ) პარტიის თავმჯდომარე;
  • ე) პარტიის გენერალური მდივანი;
  • ე/1)პარტიის პოლიტიკური მდივანი".

ასევე, პარტიის განახლებულ წესდებაში ჩამოთვლილია კრიტერიუმები, რომლებსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს - „პარტიის საპატიო თავმჯდომარედ პარტიის ყრილობამ შეიძლება, აირჩიოს პირი, რომელსაც მიუძღვის განსაკუთრებული დამსახურება ქვეყნის და პარტიის წინაშე".

დოკუმენტში საპატიო თავმჯდომარის უფლებამოსილებებზეცაა საუბარი - წერია, რომ საპატიო თავმჯდომარე პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველია და მას პოლიტიკური საბჭოს სხდომების მოწვევაც შეუძლია. 

„პოლიტიკური საბჭოს სხდომას იწვევს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ან პარტიის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პოლიტიკური საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით", - ნათქვამია „ოცნების" წესდებაში.

განახლებულ წესდებაში წერია, რომ პრემიერმინისტრის კანდიდატურის წარდგენის პროცედურაში მნიშვნელოვან როლს სწორედ საპატიო თავმჯდომარე ასრულებს. პოლიტსაბჭოს პრემიერმინისტრობის კანდიდატურას დასამტკიცებლად სწორედ ის წარუდგენს.

პარტიის საპატიო თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება, „ქართული ოცნების" რიგგარეშე ყრილობის მოწვევაც. ის ასევე არის პოლიტსაბჭოს წევრი. „პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შედიან პარტიის საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე და პარტიის ყრილობის მიერ არჩეული 15 წევრი", - აღნიშნულია მმართველი პარტიის წესდებაში.

შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს "ქართული ოცნების" პარტიის ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ პარტიის დამფუძნებელი და ახლა უკვე საპატიო თავმჯდომარე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ცხოვრებას უკვე მესამედ უბრუნდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი