"ძმა ჩამიცხრილეს, არ ვიცით რა ეტაპზეა საქმე" | თამაზ გინტურის ძმა ხვალ პროკურორთან შეხვედრას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ორი თვე თამაზ გინტურის მკვლელობიდან და პასუხგაუცემელი კითხვები - ოკუპანტების მიერ მოკლულის ძმა, ნიკოლოზ გინტური ხვალ საკუთარი ინიციატივით გეგმავს შეხვდეს საქმის გამომძიებელსა და პროკურორს. ხელისუფლებას დანაშაულის ჩამდენი პირები იდენტიფიცირებული არ ჰყავს.

ნიკოლოზ გინტური ამბობს, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი არ აქვს. არ დასრულებულა ავტომობილის ექსპერტიზაც, რომელსაც 35-ზე მეტი ტყვია აქვს მოხვედრილი. ოჯახი ითხოვს პროცესები დროულად წარიმართოს. გინტურები საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღებასაც გეგმავენ.

"ორ თვეზე მეტია გასული, საქმის მასალები ჯერ არ ვიცით, არ ვიცით რა ეტაპზეა საქმე, აქ ჩემი საშველი არ არის, ჩემ ძმას ყურადღების მიქცევა უნდა, მე დავრჩი და მე რომ არ მივხედო ჩემ ძმას, არ გამოვა. ჩამიცხრილეს ძმა, 35 ტყვია მოარტყეს მანქანას და მოკლესო, მოკლეს სხვა არის და ჩაცხრილვა სხვა არის. [...] არ ვიცი ვიღას მივმართო, ერთი გამოსავალია სტრასბურგს უნდა მივმართო, ხვალ მეცოდინება პროკურატურაში რა იქნება და დანარჩენს მერე გეტყვით", - ამბობს ნიკოლოზ გინტური.

"მთავარი არხი" დღეს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.  დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი