1.1 მილიონი სოფელ წონიარისის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე | ქედის მერიას შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივიან

გამოქვეყნდა:

სოფელ წონიარისის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზეა გამოცხადებულ 1.1 მილიონიან ტენდერზე ქედის მერიის სატენდერო კომისიას შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივიან. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

მომჩივანი კომპანიის, "მშენებელი 2017"-ის ცნობით, "შემსყიდველი ორგანიზაცია საკითხის განხილვისას ზედაპირულად გაეცნო პრეტენდენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, გამოიტანა შეუსაბამოდ მკაცრი გადაწყვეტილება და ჩააყენა პრეტენდენტი არათანაბარ და გამოუვალ მდგომარეობაში."

გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ კომპანიას სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მისცა. თუმცა "მშენებელი 2017" თვლის, რომ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმით შემსყიდველის მიერ მიღებული დადგენილება "პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას".

"აღნიშნული ტენდერის ფარგლებში კომისიამ მიიღო შპს „მშენებელი 2017“ დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება №120-2 ოქმით, რაც დაასაბუთა იმით, რომ განუფასებელი პოზიციების რაოდენობა აღემატებოდა დადგენილ ზღვარს. თუმცა აღსანიშნავია, რომ პრეტენდენტმა ხარჯთაღრიცხვაში გაითვალისწინა ხელფასის, ტრანსპორტირების და სხვა ხარჯები და ისე განაფასა ჩაშლილი კვადრატული მილები და სამუშაოს დასახელება მიიჩნია სამუშაოების სათაურად, რაც იყო ტექნიკური ხარვეზი. პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში მკაფიოდ და ზუსტად არის გაწერილი შესაბამისი თანხები, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ ჯამური ღირებულება დაანგარიშდეს." - წერია კომპანიის საჩივარში.

"ბათუმელების" ცნობით, „მშენებელი 2017“ თვლის, რომ სატენდერო კომისიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციაზე "არის უაღრესად მკაცრი ზომა, რაც არარელევანტური და შეუსაბამოა აღნიშნულ შემთხვევაში. ეს პირდაპირ იწვევს პრეტენდენტის ინტერესების უგულებელყოფას და შელახვას, რადგან არათანაზომიერად მკაცრი გადაწყვეტილება აყენებს მას არათანაბარ პირობებში სხვა პრეტენდენტებთან მიმართებით."

კომპანია საჩივარში ასევე მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს შესყიდვის მონაწილეთა შორის ჯანსაღ კონკურენციას, შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციულ მიდგომასა და თანასწორ მოპყრობას, "რაც მოცემულ შემთხვევაში სატენდერო კომისიამ დაარღვია. რადგან ცხადია, რომ სწორედ ზემოაღნიშნული სატენდერო კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული დეტალურად პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია."

კომპანია შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოსგან მოითხოვს "გაუქმდეს ქედის მერიის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი №120-2." დავების საბჭოში კომპანიის საჩივრის განხილვის დროდ 2024 წლის 16 იანვარია ჩანიშნული.

ქედის მერიამ წონიარისის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე ტენდერი 1 173 542 ლარით გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 28 დეკემბერს დასრულდა. სატენდერო კომისიამ "მშენებელი 2017“-ს დისკვალიფიკაცია 2024 წლის 5 იანვარს მისცა. კომპანია მერიას მომსახურებას 1 070 000 სთავაზობდა. კომისია ამჯერად მომდევნო პრეტენდენტის შპს "ალსოფ"-ის დოკუმენტაციას განიხილავს, რომელიც მომსახურებას 1 094 141 ლარად სთავაზობს. სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს წონიარისის კულტურის სახლის რეაბილიტაცია. ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაო 2025 წლის პირველ ივლისამდე უნდა შესრულდეს. მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2024 წლის პირველი მარტისა. მას ასევე აქვს უფლება სათანადო პირობების შემთხვევაში სამუშაოები დაიწყოს პირველ მარტამდეც, თუმცა "სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს შემსყიდველს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი