ღამით პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე. მან პოლიცია სახლში თავად გამოიძახა, შემდეგ კი უწყებაში გადაიყვანეს. აქტივისტმა პოლიციას გააცნო ის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რომლებიც მიიღო. ფერაძე ითხოვს, რომ სამართალდამცავებმა შესაბამისი ზომები მიიღონ.
გუშინ სოციალურ ქსელში ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო სამების ტაძრიდან, რომელშიც ჩანს, რომ იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. ამის შემდეგ აქტივისტმა მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო. პოლიციამ აღნიშნულზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამების ტაძარში დაბრძანებულია რუსი წმინდანის, მატრონას ხატი, რომელზეც სტალინია გამოსახული. მოგვიანებით პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა განაცხადეს, რომ ხატი ეკლესიას მათ შესწირეს.
ვერც სამებაში და ვერც საპატრიარქოში პრობლემას ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ ხატზე "უარყოფითი პერსონაჟიც შეიძლება მოხვდეს".