გორში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პრობლემების ფონზე განახლდა, ბაღებში საკვები პროდუქტის დეფიციტია. ამის მიზეზი ჯერ კიდევ დაუსრულებელი ტენდერებია.
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, გორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სააგენტომ დეკემბრის თვეში 8 ტენდერი გამოაცხადა, თუმცა აქედან მხოლოდ 2 ტენდერია დასრულებული.
საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა "ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციაში. საკრებულოს დეპუტატმა, ნანა ლოთიშვილმა განაცხადა, ეს ყველაფერი ადგილობრივი ჩინოვნიკების არაკომპეტენტურობის ბრალია. მისივე თქმით, ათასობით ბავშვის კვების რაციონი ახლა მხოლოდ ბურღულეულისგან და კარტოფილისგან შედგება. როგორც ლოთიშვილი ამბობს, გორის მერმა და "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებმა ქალაქისა და ბაღის მოსწავლე ბავშვების ბედი "საახალწლო ღრეობას" გადააყოლეს.
საკვები პროდუქტების დეფიციტთან დაკავშირებით ისაუბრა გორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სააგენტოს დირექტორმა, გიორგი შათირაშვილმაც. როგორც ის ამბობს, კონტრაქტებზე ხელის მოწერა დასვენების დღეების გამო ვერ მოახერხეს.
"ტენდერი დასრულებულია რეალურად. ყველაფერი დასრულებულია, დღეს ვაწერთ ხელს, რძის პროდუქტებზე იყო მარტო, რომელიც ისეთ დროს დასრულდა, რომ წლის ბოლო იყო და ვერ მოვასწარით ხელის მოწერა. დღეს ვაწერთ ხელს და როგორც შეკვეთებს ვაძლევდით, ჩვეულებრივად ხვალიდან შეიტანენ ყველაფერს. ყველაფრის მარაგი გვქონდა, ხვალიდან უკვე ყველაფერი იქნება საბავშვო ბაღში, უბრალოდ ვერ გავაფორმეთ ფიზიკურად [კონტრაქტი] იმიტომ, რომ დასვენების დღეები იყო", - ამბობს შათირაშვილი.
შათირაშვილი ამბობს, რომ საგანგებო არაფერია, რადგან ხელშეკრულებას ხელი დღეს უნდა მოეწეროს, ბაღები კი საკვებ პროდუქტებს ხვალიდან მიიღებენ.