"ვისურვებდი, უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს მოსახლეობასთან... საჭიროა შეხსენება, რა პრევენციული აქტივობები უნდა იყოს დაცული, როცა ვირუსები აქტიურდება" | ამირან გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

"ვისურვებდი, უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს მოსახლეობასთან... საჭიროა შეხსენება, რა პრევენციული აქტივობები უნდა იყოს დაცული, როცა ვირუსები აქტიურდება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე "მთავარ არხთან" საუბრობს. ის ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მეტი გამჭირვალობისკენ მოუწოდებს. 

გამყრელიძე ეხმაურება ფაქტს, რომ უწყება, ამ დრომდე, არ აქვეყნებს ოფიციალურ სტატისტიკას, არის თუ არა გავრცელებული Covid 19-ის ახალი შტამი საქართველოში. "ჯეი ენ 1" მსოფლიოში უკვე დეკემბრიდან ცირკულირებს, თუმცა უცნობია, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში. 

"თავის დროზე ეს სტატისტიკა ყოველდღიურად იდებოდა... რატომ არ იდება, მართალი გითხრათ, ვერ გეტყვით. რა არის ამაში დასამალი, რამოდენიმე ინტერვიუში ვთქვი, რომ სასურველია, მოსახლეობას რაც შეიძლება უფრო მეტი ვესაუბროთ. ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობას უნდა მიეწოდებოდეს, ეს სტატისტიკა იქნება თუ რეკომენდაციები, ვისურვებდი, რომ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს მოსახლეობასთან. იმიტომ რომ ეს თვითონ ვთქვათ პრევენციული ღონისძიებების შეხსენება... ცოტა მოვეშვით ამ თვალსაზრისით. შეხსენება საჭიროა მოსახლეობისთვის მუდმივ რეჟიმში თუ რა ხდება ამ პერიოდში, როცა ეს ვირუსები აქტიურდება. თუ რა პრევენციული აქტივობები უნდა იქნეს დაცული - ხელების დაბანა, განიავება, თავშეყრის ადგილებში სასურველია, რომ პირბადეები ატაროს მოსახლეობამ...", - ამბობს ამირან გამყრელიძე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი