"მთავარის" ინფორმაციით, ჯერ ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი, ჩაიბარებს თუ არა პრემიერის პორტფელს ირაკლი კობახიძე. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კობახიძის კანდიდატურას, ირაკლი ღარიბაშვილის თანამოაზრეები ბლოკავენ
პრემიერის ვინაობა ხვალ, "ქართული ოცნების" ყრილობაზე გახდება ცნობილი. ღარიბაშვილის შემცვლელს ბიძინა ივანიშვილი დაასახელებს.
სავარაუდოდ ხვალვე გაირკვევა ვინ იქნებიან მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობაში. ჩვენი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე განიხილება დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე და აშშ-ში, საქართველოს ყოფილი ელჩი, დავით ბაქრაძე.
არსებული ინფორმაციით, იცვლებიან თავდაცვის, ჯანდაცვის, კულტურისა და იუსტიციის მინისტრებიც. ასევე, მინისტრთა კაბინეტს დატოვებს ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.