გთხოვთ გაუგზავნოთ მკაფიო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი | მაკრონის გუნდის წევრის მიმართვა EU-ს ხელმძღვანელობას

გამოქვეყნდა:

შარლ მიშელს, ურუსლა ფონ დერ ლაინესა და ჯოზეფ ბორელს, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გუნდის წევრი, ნატალი ლუაზო წერილით მიმართავს და ალექსეი ნავალნის სიკვდილის ფონზე სთხოვს, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ ციხეში მყოფ პოლიტიკური ოპონენტების ბედს.

ევროპარლამენტარის წერილში საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე.

"ალექსეი ნავალნის ტრაგიკულმა სიკვდილმა უნდა გვაიძულოს, რომ მეტი ყურადღება მივაქციოთ ციხეში მყოფი პოლიტიკური ოპონენტების ბედს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ.

სწორედ ამიტომ გვინდა თქვენი ყურადღება მივაპყროთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბედს, რომელიც დაკავებულია 2021 წლის ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაბრუნდა. 

2023 წლის 15 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს, იმოქმედოს მისი გათავისუფლებისა და სამედიცინო მიზეზების გამო საზღვარგარეთ გადაყვანის სასარგებლოდ.

მას შემდეგ საქართველომ მოიპოვა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი, რაც უდაოდ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს. ამ კონტექსტში კიდევ უფრო შოკისმომგვრელია, რომ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, ციხეში ჰყავს ადამიანი, რომელიც მათი პრეზიდენტი იყო, ადამიანი, რომელმაც წაიყვანა საქართველო დემოკრატიისკენ ვარდების რევოლუციის სათავეში დგომისას, ის ვინც იბრძოდა ადამიანის უფლებებისთვის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის კორუფციასთან ბრძოლისა და რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ.

დღეს ჩვენ გთხოვთ, გაუგზავნოთ მკაფიო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ აქვთ არჩევანი და რომ ამ არჩევანს ექნება შედეგები: ან გააგრძელონ საერთო ფუნდამენტური ევროპული ღირებულებების გზა, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი და მისცენ საქართველოდან წასვლის საშუალება საზღვარგარეთ შესაბამისი მკურნალობის მისაღებად, ან დატოვებენ მანს ტყვეობაში მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ისინი სერიოზული ეჭვის ქვეშ დააყენებენ ევროკავშირთან დაახლოების რეალურობას. 

თუ ევროკავშირს შეუძლია მკაფიოდ ისაუბროს ყოფილ საბჭოთა კავშირში დაპატიმრებული პოლიტიკური ოპონენტების საქმეებზე, ეს აჩვენებს, რომ ალექსეი ნავალნის ბრძოლა ადარდებთ და ის ტყუილად არ მომკვდარა. 

პატივისცემით ნატალი ლუაზო". 

წერილი, რომელიც ხელმოწერებისთვის ოფიციალურად ხუთშაბათს გამოქვეყნდება, "დღის სტუმარმა" ექსკლუზიურად მოიპოვა. 

ცნობისთვის, ნატალი ლუაზო მაკრონის სიის პირველი ნომერია ევროპარლამენტში,ირიცხება რინიუს ჯგუფში და მასთან  "ქართულ ოცნებას" ძალიან ინტენსიური ურთიერთობები ჰქონდა.

2017 წელს ნატალი ლუაზო საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი იყო, 1986 წლიდან მუშაობდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეკავა საფრანგეთის პირველი დიპლომატის, ალან ჟუპეს მრჩევლის პოზიცია, დიპლომატიურ მისიებს ასრულებდა შეერთებულ შტატებში და აზიის ქვეყნებში, ევროპარლამენტის წევრი კი 2019 წლიდან გახდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი