რკინიგზამ ლიანდაგები ჯართად გამოაცხადა და 7,5 მილიონად გაყიდა

გამოქვეყნდა:

გასაიდუმლოებულ ობიექტზე, გასაყიდი რელსები თითქმის 2 თვის წინ მიიტანეს. სახელმწიფო საკუთრების საწყისი ღირებულება 4 მილიონ ნახევარ ლარს აჭარბებდა. საბოლოოდ, 15 აგვისტოს, ქვეყნის ფოლადის მარაგი ინდოელების კომპანია "ჯეოსთილმა" 7 მილიონნახევარ ლარად შეიძინა. 

"მთავარი არხი", საცავის ტერიტორიაზე მაშინ მივიდა, როდესაც მუშები, სატვირთო ავტომობილებს ლიანდაგებით ავსებდნენ. აუქციონის პირობები იმდენად განსაკუთრებული იყო, რომ კომპანიები უკონკურენტო გარემოში აღმოჩნდნენ. შესყიდვის შემდეგ, კონკრეტული დავალებები მიიღო გადამზიდავმა კომპანიამაც, რომელიც ვალდებულია "ჯეოსთილს" ტვირთი ადგილზე მიუტანოს. 

"მთავარი არხის" გამოჩენის შემდეგ, ობიექტზე განგაში ატყდა. სამუშაო პროცესი შეწყდა, ტერიტორია რკინის კარით ჩაკეტეს. ობიექტის დაცვამ ადგილზე არ შეგვიშვა, შემდეგ კი მუშაობაშის ხელის შეშლა სცადა. რამდენი ტონა ტვირთი გადაზიდეს ბოლო ორი კვირის განმალობაში, მუშები არ ამხელენ. თუმცა, არავინ მალავს, რომ ტვირთი ოფშორულმა კომპანიამ შეიძინა. 

გაცილებით შთამბეჭდავად გამოიყურება კომპანია "ჯეოსთილის" ტერიტორია, სადაც ჯართად შეფასებული ლიანდაგების გორებია შექმნილი. აქ ლიანდაგების გადამუშავების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა რა რაოდენობის ტვირთი მიიღეს, გადაამუშავეს და სად  მიაქვთ, ამაზე არავინ საუბრობს. 

"ჯეოსთილი" ოფშორული კომპანიაა, მას დირექტორთა საბჭო მართავს, თუმცა ტერიტორიაზე არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ გამოჩენილა. კომპანიის ერთადერთი წარმომადგენელი, ჩვენმა გამოჩენამ განსაკუთრებით შეაშფოთა, ის სავარაუდოდ ერთ-ერთია, ვისაც გადაზიდვის ოპერაციის კონტროლი ევალება, თუმცა ვინაობას არ ამხელს. 

ხელისუფლება სახელმწიფო მარაგებს მიზანმიმართულად, რკინიგზის გასაძარცვავად ყიდის. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ლიანადგების ჩამოწერა ხელოვნურად ხდება. რელსები კი, რომელიც ასობით მილიონი ლარის ღირს, რკინიგზამ მიზერულ ფასად საკუთარი მოგებისთვის გაყიდა. 

ლიანდაგების ჩამოწერა ექსპლუატაციის ვადის ამოწურვამდე ხდება - ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ რკინიგზის მენეჯმენტი კონკრეტული სქემით მოქმედებს. იქმნება შუამავალი შვილობილი კომპანიები, რომლებიც ლიანდაგებს, მინიმალურ ფასად ყიდულობენ. ამ კომპანიების საშუალებით კი სახელმწიფო ქონება უცხოურ კომპანიებზე იყიდება. ექპერტები ვარაუდობენ, რომ ეს გზაც რკინიგზის გაკოტრების გეგმის ნაწილია.  

რკინიგზას 2012 წლის არჩევნებიდან დღემდე არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი მართავს. ერთ დროს მომგებიანი სტრატეგიული კომპანია კი ამ 8 წლის განმავლობაში გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა. წლიდან წლამდე რკინიგიზის გადაზიდვები ეცემა, ქვეყანამ სატრასპორტო დერეფნის ფუნქიცა უკვე დაკარგა. წამგებიანი საწარმოს არაფორმალური მმართველები კი მილიონებს სწორედ მისი აქტივების ჩამოწერით შოულობენ. რატომ - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რკინიგზის არცერთმა პასუხისმგებელმა პირმა არ ისურვა.  

რატომ დადგა რკინიგზის ლიანდაგების ოფშორულ კომპანიაზე გაყიდვის აუცილებლობა უცნობია. ერთადერთი არგუმენტი, რაც ამ საქმეში არსებობს, ექსპლუატაციის ვადის ამოწურვაა. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი