"მთავარი არხის" ინფორმაციით, ადიგენში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. "მუსლიმთა კავშირი" და "მუსლიმთა ასოციაცია" დროულად გამოძიებას ითხოვს და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ადიგენის ცენტრში მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის პარასკევის, 8 მარტს, ლოცვაზე დაიწყო, სადაც შეკრებილ მუსლიმებს რამდენიმე ათეული მოქალაქე, მათ შორის, სასულიერო პირები მიუვარდნენ. ისინი მუქარით მოითხოვდნენ ლოცვის შეწყვეტას და ტერიტორიის დატოვებას. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ადგილზე პოლიციის ათობით თანამშრომლის გამოძახება გახდა საჭირო.
"დაახლოებით 7-ჯერ მოხდა მსგავსი პრობლემა ადიგენში და ამის მეთაური არის ერთ-ერთის სასულიერო პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ზარზმის ეკლესიას. ეს გასცდა პრაქტიკულად სამლოცველო ნაწილს, სამლოცველოს მიმართ პრეტენზიებს. ეს არის მომასწავებელი იმის, რომ რელიგიათა შორის, განსაკუთრებით მართლმადიდებლებისა და მუსლიმანთა შორის, ისეთი ურთიერთობები გაუარესებისა, რომელმაც შეიძლება სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანოს. ამიტომ, სწორედ აქ არის სახელმწიფოს როლი. მუსლიმებისგან კი არ უნდა ელოდნენ პასუხს, მათ უნდა ჰქონდეთ სამართლებრივი რეაქცია [..]," - ამბობს დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე.
მუსლიმთა თემს საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მუსლიმ თემს, სავარაუდოდ, ორშაბათს შეხვდებიან.
იხილეთ ასევე: