"საჭიროა საერთაშორისო ზეწოლა, რომ ადამიანები გაათავისუფლონ" | ამერიკელი იურისტი მექსიკაში გატაცებულ ქართველებზე

გამოქვეყნდა:

მექსიკაში საქართველოს მოქალაქეები ისევ დანაშაულებრივი ორგანიზაციის ტყვეობაში რჩებიან.  უკვე 24 საათზე მეტია, ისინი ახლობლებთან კონტაქტზე არ გამოსულან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. გუშინ "მთავარი არხს" უწყებამ განუცხადა, რომ მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზე იყვნენ და მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს არკვევდნენ.

იმის გამო, რომ ოფიციალური უწყებებისგან განახლებულ ინფორმაციას ვერ ვიღებთ, "მთავარი" ამერიკელ იურისტს ესაუბრა. ის გვიყვება, რა ვითარებაში და სად შეიძლება იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, დადგინდეს საიდან გაიტაცეს მოქალაქეები, რათა გაირკვეს რომელი ორგანიზაციის ტყვეობაში არიან.

იურისტი ასევე აღნიშნავს, რომ საჭიროა დიპლომატიური ზეწოლა და მექსიკისა და საქართველოს საელჩოების ერთობლივი მუშაობა.

"უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოკარტელების მთავარი საქმიანობა ნარკოტიკული ნივთიერების კონტრაბანდაა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ხშირად იტაცებენ ადამიანებს, ესეც მათი ბიზნესის ნაწილია და დღესდღეობით ადამიანების გატაცება ძალიან ხშირად ხდება. ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან ადამიანები იმისთვისაც კი აჰყავთ, რომ მუშახელად გამოიყენონ, მაგრამ ეს მიდგომა განსხვავებულია ევროპული ქვეყნების მოქალაქეების შემთხვევაში. ისინი იტაცებენ ადამიანებს, და შემდეგ ითხოვენ გამოსასყიდს.

მე არ მგონია, რომ მათი სიცოცხლე ახლა რისკის ქვეშაა, ახლა საჭიროა დიპლომატიური ზეწოლა. მექსიკისა და საქართველოს საელჩოების ერთობლივი მუშაობა. ჩვენ ნარკოკარტელების შემდეგ ნაბიჯებს ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მექსიკის ყველა შტატში კონკრეტული კარტელების ჰეგემონიაა. ყველა მათგანს თავისი მიდგომა აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ კონკრეტულად რა ტერიტორიიდან გაიტაცეს საქართველოს მოქალაქეები, იმისთვის, რომ ნარკოკარტელებზე გავიდეს. შემდეგ კი საჭიროა საერთაშორისო ზეწოლა, რომ ადამიანები გაათავისუფლონ. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ არალეგალ მიგრანტებზე ინფორმაცია კარტელებს ე.წ. გადამყვანებმა მიაწოდეს", - ამბობს ამერიკელი იურისტი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლას სურდათ, თუმცა ისინი ტყვეობაში აღმოჩნდნენ. მექსიკურმა ნარკოკარტელმა მოქალაქეების ჯგუფი, სავარაუდოდ, 4 დღის წინ გაიტაცა. დანაშაულებრივი ორგანიზაცია გამოსასყიდის სახით 90 ათას დოლარს ითხოვს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი