საქართველო ზეიმობს. 43 წლის შემდეგ ქვეყანა უსაზღვრო სიხარულმა და კვლავ საფეხბურთო ეიფორიამ მოიცვა. ყველაზე დაძაბული 120 წუთი და პენალტების სერია. მთელი ქვეყანა სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს ისტორიული მატჩის ბოლო წუთებს, რომელმაც შეხვედრისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ის საგზურის ბედი გადაწყვიტა.
ამ ისტორიულმა წარმატებამ დააბრუნა რწმენა, რომ საქართველოს შეუძლია გამარჯვება. დინამო არენაზე, სხვადასხვა კაფე-ბარებსა და მოედნებზე შეკრებილი გულშემატკივრები დედაქალაქის და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნავდნენ ამ უდიდეს წარმატებას. ემოციების კიდევ ერთმა ტალღამ რეპუბლიკის მოედანზე იფეთქა, სადაც გამარჯვებული ფეხბურთელები გულშემატკივართან შესახვედრად მივიდნენ.