"ოცნება" პარლამენტში "რუსულ კანონს" ხელახლა აინიცირებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" რუსულ კანონს პარლამენტში ხელახლა აინიცირებს. განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა. 

კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი " უცხოური გავლენის აგენტი" იქნება, დანარჩენი სრულიად უცვლელია. 

მდინარაძე ამბობს, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული.

"უმრავლესობამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. პარლამენტში კანონპროექტი დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ყველას გახსოვთ, რომ ჩვენ შარშან კანონპროექტის ინიცირებისთანავე გამოვთქვით მზადყოფნა ტერმინი უცხოური გავლენის აგენტი სხვა ტერმინით ჩაგვენაცვლებინა, ჩვენ მიერ დღეს დაინიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა უცხოური გავლენის აგენტი გამოყენებული იქნება ტერმინი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია", - თქვა მდინარაძემ.

ცნობისთვის, "ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.

პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა - "ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის", თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი