"მთავარია, რომ ეს ხალხი უკვე არის EU-ს რადარებზე და სანქციების მსუსხავი ეფექტი მათ ძალიან მიუახლოვდა, კარგად დაფიქრდნენ" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"ახალის" თანათავმჯდომარე ევროპარლამენტარების გუშინდელ უმწვავეს განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციების მწვავე ეფექტი მიუახლოვდათ და სჯობს კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

როგორც ნიკა გვარამია ამბობს, ქვეყნის დასავლელმა პარტნიორებმა კარგად იციან რეალურად რა ხდება ქვეყანაში და ინფორმაცია მათ ობიექტური და სანდო არხებიდან მისდით. 

"მართლა ხომ არ ჰგონია "ქართულ ოცნებას", რომ აქ ინფორმაციები საქართველოდან ვინმეს გუდით ჩამოაქვს. არა, აქ ყველა ყველაფერს უყურებს და ყველა ყველაფერს კითხულობს. გუშინდელ განხილვაზე ეს სახელები და გვარები ისმოდა და არამხოლოდ ეს სახელები და გვარები, ვიდეოებს უყურებდნენ ადამიანები, კითხულობდნენ ინფორმაციას და ჩემთან შეკითხვები იყო ამ ხალხთან დაკავშირებით. 

 ამ ხალხთან დაკავშირებით ჩემი პასუხი არის ერთადერთი, ის, რაც წერია ქართულ მედიაში შეესაბამება სინამდვილეს. ეს ხალხი, მთელი ქართული საზოგადოების, ქართული მედიის მიერ განიხილება არა როგორც ხალხის ინტერესების დამცველი, როგორიც უნდა იყოს პოლიცია და მისი მაღალჩინოსანი, არამედ როგორც ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი, აქციების უკანონო დამრბევი და საქართველოს შემაფერხებელი ევროპისკენ სვლის გზაზე. ეხსენებინათ თუ არა ისინი, ეს გადაწყვეტილება მათია. სხვათა შორის, არამხოლოდ ლიტველმა პარლამენტის წევრმა ახსენა, არამედ მარკეტა გრეგოროვამაც და იქ ძაან მარტივად ხდება ეს ამბავი, წყვეტენ რა საკითხებზე უნდა იყოს ლაპარაკი და შემდეგ ეს საკითხები ნაწილდება იმიტომ, რომ ძალიან მოკლე რეგლამენტი აქვს, ერთწუთიანი რეგლამენტი და ყველამ უნდა ჩაატიოს თავისი მესიჯი.

ასე, რომ ეს არის ევროპარლამენტის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ჩემთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრება, რომ ეგ რა ლიდერიაო, მას შეუძლია მხოლოდ 6 ევროპარლამენტარის ლიდერობაო. მე ვიქნები ბედნიერი, 6 ევროპარლამენტარის ლიდერი თუ ვიქენი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არის ევროკავშირში, მას ჰყავს ევროდეპუტატები და მე მათი ლიდერი ვარ. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, მე ჩამოვალ ევროპის დედაქალაქებში როგორც ევროკავშირის წევრი ღირსეული ქვეყნის, ღირსეული მოქალაქე. რაც შეეხება იმ ხალხს, ვინც ამ სისულელეებს ამბობს, რომლებიც სხვათა შორის, სხვის სანქციებზე რას ღელავენ, თავად განიხილებიან დასასანქცირებელთა რიგებში, იმ ხალხს ექნება საძებნელი თავშესაფარი რუსეთში. როგორც იანუკოვიჩი ჩასვეს სადღაც როსტოვში, ან რომელიმე სხვა ქალაქში, იქ მიუჩენენ ადგილს ზარქუას და პაპუაშვილისნაირებს. ცხადია, ისინი იქ ჩავლენ როგორც მონები თავშესაფრის ძიებაში, ჩვენ ვივლით ევროპაში, როგორც ევროკავშირის ღირსეული მოქალაქეები.

მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ხალხი არის უკვე ევროკავშირის რადარებზე და მსუსხავი ეფექტი სანქციების მათ ძალიან, ძალიან მიუახლოვდა. ასე, რომ კარგად დაფიქრდნენ, ორჯერ, სამჯერ და 22-ჯერ, ვიდრე რაიმე უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებენ" ამბობს ნიკა გვარამია. 

ევროპარლამენტარებმა სტრასბურგში გამართულ დებატებზე საქართველოსთან დაკავშირებით, ოლიგარქ ივანიშვილის, გდდ-ის ხელმძღვანელის ზვიად ხარაზიშვილისა [ხარება] და საპატრულოს უფროსი, ვაჟა სირაძის დასანქცირება მოითხოვეს.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი