"აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს 29 აპრილს თბილისში გამართულ მიტინგზე წამსვლელთა ტრანსპორტირებას. მსურველები ჩაეწერეთ ინდირა ლაზიშვილთან" - განცხადება, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის სამივე სართულზე, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დღეს, 26 აპრილს იყო გამოკრული.
ინფორმაციას და ფოტომასალას "ბათუმელები" ავრცელებს.
როგორც გამოცემას სასწავლებელში უთხრეს, განცხადება დირექციამ გამოაკრა.
"ჩვენ პედაგოგები [მიგვყავს]. თუ მშობელი ხართ და თბილისში გინდათ წასვლა „ოცნების“ ოფისში მიდით და იქიდან წაგიყვანენ," - თქვეს სამუსიკო სასწავლებელში
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ მსგავსი დავალება არ გაუციათ.
"მსგავსი დავალება, რომ სკოლაში, კონსერვატორიაში განთავსდეს, არ გამიცია არც მე და არც სამინისტროს სახელით არავის . თუმცა, რატომ გაჩნდა ეს წარწერა მე ამას აუცილებლად გავარკვევ" - უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა სამუსიკო სკოლის დირექტორს, ნინო ჩაიძეს. მან დაადასტურა, რომ განცხადება ნამდვილად იყო გამოკრული, თუმცა თქვა, რომ უკვე გამოცვალა.